დავით დვალი: მერაბიშვილმა და ადეიშვილმა პირდაპირ გამოგვიცხადეს, ეს ტელევიზია ჩვენ გვჭირდება და უნდა მოგვცეთო

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი დავით დვალი მოსამართლეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ საუბრობს და არც იმას გამორიცხავს, რომ ტელეკომპანიის ირგვლივ კულუარული გარიგება შედგეს. დვალის თქმით, ეს იმ ფსიქოლოგიური ზეწოლის გაგრძელებაა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ სასამართლოზე აქვს მოწყობილი.
„დიდი იმედი მაქვს, რომ უსწრაფესად იქნება გამოძიებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტი, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. ვფიქრობ, ეს არის იმ ფსიქოლოგიური ზეწოლის გაგრძელება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მოწყობილი სასამართლოზე. ყველა ვხედავთ მათ ქმედებებს, დაწყებული შეჩვენებებით და დამთავრებული მუქარებით. „ციხეში ამოგალპობთ“, „საქართველოში არ დაგედგომებათ“ – ეს არის მათი ტერმინოლოგია, თან ეს ხდება პირველი ინსტანციიდან მოყოლებული დღემდე. მათი მოსაწონი იქნება მოსამართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ გადაწყვეტს საქმეს, მაშინ, როცა მათ სასარგებლოდ რეალურად არაფერია. სუფთა სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს არის სრულიად გამართული საქმე.
ვფიქრობ, რომ ეს მორალური ტერორი ძალიან სერიოზულად მოქმედებს მოსამართლეებზე და სტრესულ მდგომარეობაში აყენებს მათ, ამიტომაც ჭიანურდება გადაწყვეტილების მიღება. იმედს გამოვთქვამ, რომ მათ ეყოფათ ძალა და გამოიტანენ მართლაც ობიექტურ გადაწყვეტილებას. შექმნეს ვირტუალური ატმოსფერო, რომ მოსამართლეები გახდებიან ერის მოღალატეები, თუ მათთვის არასასურველ გადაწყვეტილებას მოაწერენ ხელს. დღევანდელი „რუსთავი 2“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო ბასტიონი და ერთ-ერთი პირველი, რომელიც ძალადობრივი გზით წაართვეს კანონიერ მესაკუთრეებს. დღეს ამ ტელეკომპანიის სათავეში დგანან ბანდიტები, მე არ ვგულისხმობ მენეჯმენტს, ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებიც რეალურად დგანან ე.წ. მფლობელების უკან. ეს არის ბანდიტური გზით წაღებული ტელევიზია.
ეს მოხდა 2004 წელს. ჩვენ, დამფუძნებლებმა, ნულიდან შევქმენით ყველაფერი და სახლიდან მიტანილი ტელევიზორებითა და ვიდეომაგნიტოფონებით ყველაზე რეიტინგულ ტელეკომპანიად ვაქციეთ „რუსთავი 2“. აი, ეს ტელევიზია, ძალისმიერი მეთოდებით, ხელოვნურად გაკოტრების რეჟიმში შეყვანის შედეგად იქნა მითვისებული. ის ადამიანები, რომლებიც დღეს ლეგიტიმურ მფლობელობაზე აცხადებენ პრეტენზიას, სინამდვილეში ქურდები არიან. ამიტომაც 2012 წლის არჩევნებამდეც განვაცხადეთ ჩვენი სამართლიანი პრეტენზია „რუსთავი 2“-ზე და უკვე არჩევნების შემდეგ ოფიციალურადაც მივმართეთ პროკურატურას, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საქმე გაჩერებულია.
ქიბარ ხალვაში თავისი სამოქალაქო სარჩელით უფრო გვიან გამოჩნდა ასპარეზზე. მანამდე ჩვენ ვიყავით არჩევანის წინაშე, რომელი გზით წავსულიყავით. კონსულტაციები გავიარეთ იურისტებთან და გვირჩიეს, რომ ყველაზე უმოკლესი გზა მაინც იყო პროკურატურა, რადგან სასამართლოში ხანდაზმულობასთან დაკავშირებით შეიძლება შეგვქმნოდა პრობლემები, თუმცა სინამდვილეში, ვადები არ არის დარღვეული. საბოლოოდ, ჩავთვალეთ, რომ პროკურატურა იყო ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი.
გამოძიება დაიწყო ძალიან სწრაფად. ჩვენი ინფორმაციით, დაკითხულია უამრავი ადამიანი. საქმე პრაქტიკულად გამოძიებულია, მაგრამ შემდეგ ხდება უცნაური რამ: გამოძიების პროცესი ჩერდება. ამ ფონზე, ჩნდება ქიბარ ხალვაში, რომელსაც შეაქვს სამოქალაქო სარჩელი და ამტკიცებს, რომ მას უკანონოდ წაართვეს ტელევიზია. ჩვენ პრაქტიკულად მეორე დღესვე გავაკეთეთ განცხადება, რომ მხარს ვუჭერთ ხალვაშის მიერ დაწყებულ სამოქალაქო დავას. სანამ პროკურატურა გამოძიებას არ დაასრულებს, ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი ბერკეტი, ჩავერთოთ სამართლებრივ პროცესში, როგორც მხარე. დიახ, ჩვენ ვიზიარებთ პოზიციას, რომ ქიბარ ხალვაშსაც უკანონოდ ჩამოართვეს, თუმცა საქმე ისაა, რომ ის არ არის პირველი მსხვერპლი ამ ჯაჭვში.
აქედან გამომდინარე, მივესალმეთ ხალვაშის გადაწყვეტილებას. თუ ის მოიგებს ამ პროცესს და დაამტკიცებს, რომ დღეს ვინც იქ ზის, არის უკანონო მფლობელი, ეს ჩვენთვისაც წინგადადგმული ნაბიჯია. ამის შემდეგ გვრჩება საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ პირველი მსხვერპლნი ვართ ჩვენ. ეს იქნება სამართლიანობის აღდგენის პირველი ნაბიჯი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები