ეროვნულ სკრინინგ ცენტრში უფასო გამოკვლევები დაიწყო

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიის ა(ა)იპ ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, გამოკვლევების ჩატარების პროცესი განახლდა.
როგორც „სითი კვირას“ პროფესორმა, სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელმა რემა ღვამიჩავამ განუცხადა, სკრინინგ ცენტრმა მუშაობა პირველი თებერვლიდან დაიწყო და აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე აპარატურით. სკრინინგ ცენტრის მომსახურებით შეუძლიათ ისარგებლონ, როგორც თბილისის, ასევე რეგიონის მოსახლეობამ და სკრინინგის ფარგლებში გამოკვლევა ჩაიტარონ.
მისივე თქმით, მოქალაქეების მიღების დროა 10:00-დან 17:30 საათამდე. სკრინინგ ცენტრის ფილიალები მდებარეობს თბილისის დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე #69-ში და ვარკეთილში, კალაუბნის ქუჩის #12-ში.
ღვამიჩავას თქმით, მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ცხელი ხაზის: 2 20 35 35 საშუალებით დარეკონ და მიღებაზე ჩაეწერონ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, „დაავადებათა სკრინინგის“პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სკრინინგული გამოკვლევები სრულად ფინანსდება. კიბოს სკრინინგის კომპონენტში პროგრამა მოიცავს ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და პროსტატის კიბოს სკრინინგს და მისი მიზანია კიბოს ადრეული გამოვლენის მაჩვენებლის გაზრდის გზით, კიბოთი გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება.
პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ ჩაიტარონ: ძუძუს გამოკვლევები 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის. სკრინინგი ითვალისწინებს მამოგრაფიულ გამოკვლევას, პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კი, ძუძუს ექოსკოპიასა და მამოლოგის მიერ გასინჯვას, საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას.
თბილისში რეგისტრირებულ პირს, რომელსაც ჩატარებული აქვს მამოგრაფია და პათოლოგიური მდგომარეობა არ აღმოაჩნდა, განმეორებით ვიზიტზე დაიბარებენ. ძუძუს კიბოს სკრინინგი ტარდება ორ წელიწადში ერთხელ. საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალებისთვის. სკრინინგი ითვალისწინებს გინეკოლოგის კონსულტაციას და პაპ–ტესტს, პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიას და მორფოლოგიური კვლევისთვის ბიოფსიური მასალის აღებას.
თბილისში რეგისტრირებულ პირს, რომელსაც ჩატარებული აქვს პაპ-ტესტი/გინეკოლოგის გასინჯვა და შედეგად არ აღმოაჩნდა პათოლოგიური მდგომარეობა, მხოლოდ განმეორებით ვიზიტზე დაიბარებენ.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ტარდება სამ წელიწადში ერთხელ. პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის. სკრინინგი ითვალისწინებს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას. ექიმი, კვლევის შემდეგ, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე განსაზღვრავს შემდგომი ვიზიტების სქემას. პროსტატის კიბოს სკრინინგი ტარდება წელიწადში ერთხელ. სკოლიოზის გამოკვლევა – 10–დან 18 წლის ჩათვლით პირებში; ბრტყელტერფიანობის სკრინინგი – 4–დან 15 წლის ჩათვლით პირებში.
მათივე ინფორმაციით, პროგრამაში ჩართვის მსურველებმა, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში გამოკვლევების ჩასატარებლად უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 2 20 35 35.
„თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამაში ცვლილებების შედეგად, ეროვნული სკრინინგ ცენტრის გარდა, პროგრამის განხორციელებაში ეტაპობრივად ჩაერთვებიან სხვა მიმწოდებელი კლინიკები, რომლებიც თბილისის მასშტაბით, ასევე, განახორციელებენ მოქალაქეთა უფასო სკრინინგს“, – აცხადებენ მერიაში.

წყარო:www.city.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები