ეროვნულმა ბანკმა სესხების გალარების კალკულატორი შექმნა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სუბსიდირებული სესხის ლარით კონვერტაციის ეფექტის განმსაზღვრელი სპეციალური კალკულატორი შექმნა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კალკულატორის მიზანია, გალარების მსურველებს და სესხის აღებით დაინტერესებულ პირებს ლარისა და დოლარის სესხების პირობების შედარებაში დაეხმაროს.
კალკულატორი გალარების მსურველებს აქციაში მონაწილეობის კონკრეტული სარგებლის დათვლაშიც გაუწევს დახმარებას.
„იმისთვის, რომ მსესხებელმა მიიღოს გადაწყვეტილება, გაალაროს თუ არა სესხი, არსებული დოლარის სესხის პირობები უნდა შეადაროს ბანკის მიერ შემოთავაზებულ ლარის სესხის პირობებს. უცხოური ვალუტის სესხს გააჩნია სავალუტო რისკი, რომელიც ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაშიც აღნიშნული კალკულატორი დახმარებას გაუწევს მომხმარებელს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სესხების გალარების კალკულატორი განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე – https://www.nbg.gov.ge/index.php?m=657
სებ-ის ინფორმაციით, სესხების გალარების პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და 25 მარტამდე გრძელდება. პროგრამა ნებაყოფლობითია როგორც ბანკებისთვის, ისე მათი კლიენტებისათვის.