ფიროსმანის აღდგენილი ნამუშევრები „თიბისი გალერეაში“ გამოიფინა
„თი ბი სი ბანკის“ დაფინანსებით, ფიროსმანის აღდგენილი ნამუშევრები “თი ბ ისი გალერეაში” გამოიფინა.
„თამარ მეფე“ და „რუსთაველი“ დამთვალიერებლისთვის მირზაანის მუზეუმის კოლექციასთან ერთადაა წარმოდგენილი. დღეიდან, ფიროსმანის ნამუშევრების ხილვა ნებისმიერ დამთვალიერებელს შეეძლება.
გამოფენის საზეიმო გახსნას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე და „თი ბი სი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ესწრებოდნენ.
გამოფენა საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო ტურები ეწყობა, რომელთა მიზანია ფიროსმანის შემოქმედების უფრო ახლოს გაცნობა. მუზეუმის გიდი მოსწავლეებს ფიროსმანის შესახებ მოუყვება. ასევე, „თი ბი სი ბანკის“ ინიციატივითა და დაფინანსებით, შეიქმნა ანიმაცია ფიროსმანის შემოქმედების შესახებ, რომლის პრეზენტაციაც გამოფენაზე შედგა.
თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის პორტრეტები ფიროსმანის მიერ 1913-1914 წლებშია შესრულებული. მირზაანის კოლექციაში აღნიშნული ნამუშევრები 1989 წელს მოხვდა. მანამდე ისინი ცნობილი ფილოლოგის, იოსებ მეგრელიძისა და თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძის კერძო კოლექციაში, შემდეგ კი ხალხთა მეგობრობის მუზეუმში ინახებოდა. ამ უკანასკნელმა, მოგვიანებით, ფიროსმანის „თამარი“ და „რუსთაველი“ საჩუქრად მირზაანის ფიროსმანის მუზეუმს გადასცა.
ამ დროისთვის, ნამუშევრებზე უკვე ჩატარებული იყო რესტავრაცია, თუმცა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო, ნამუშევრები საკმაოდ იყო დაზიანებული.
ურთულესი სარესტავრაციო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის სარესტავრაციო სახელოსნოს სპეციალისტების, ნანა მანაგაძისა და ეველინა კარსელის მიერ.
პროცესი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. საფუძვლიანი კვლევის შემდეგ, დაზიანებული ადგილები რესტავრირდა, დეფორმაცია გასწორდა, დამუშავდა და გაიწმინდა ზედაპირი. შედეგად, ექსპონირებისათვის მომზადებული უნიკალური ნამუშევრები საზოგადოებას პირველად სწორედ “თი ბი სი გალერეაში” წარედგინა.
რაც შეეხება მირზაანის მუზეუმის კოლექციას, ეს მუზეუმი ფიროსმანის გამორჩეულ მემკვიდრეობას ფლობს. ეს არის 1895-1918 წლებში განსხვავებულ ჟანრსა და თემაზე, ასევე მასალაზე (მუყაო, თუნუქი, მუშამბა) შესრულებული ნამუშევრები. კოლექცია ათწლეულების განმავლობაში იქმნებოდა კერძო კოლექციებიდან და მუზეუმებიდან. ნამუშევრებს შორისაა „კალოობა“ „ნატურმორტი შაქრის თავით“, „მალაკნების ქეიფი“, „მწოლიარე ქართველი ქალი“ და „მუშა სოსო“, „ხილის დუქანი“, „დათვი თავისი ბელებით“, „სონა უკრავს გარმონს“, ,,წარაფი”, „ქალი სააღდგომო კვერცხებით“.
ფიროსმანის სურათებთან ერთად, გამოფენაზე ექსპონირებულია პაბლო პიკასოს მიერ 1972 წელს შესრულებული ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი.
გამოფენა „თი ბი სი გალერეაში“ 16 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტი „თი ბი სი ბანკისა“ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.