კონსტანტინე ვარდელის მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
15 თებერვალს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონსტანტინე ვარდელის მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. კონცერტის ორგანიზატორები არიან: თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია და ზაქარია ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონსტანტინე ვარდელი ერთ–ერთი ყველაზე სახელოვანი პროფესიული მუსიკალური კოლექტივის – სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნული სიმებიანი კვარტეტის პირველი ვიოლინოა – საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის, ზ. ფალიაშვილის და ეროვნული პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ხელოვნების ქურუმი, სახ. კონსერვატორიის პროფესორი.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე რთულია და საზღვარგარეთ ხანგრძლივ რეაბილიტაციას საჭიროებს. სწორედ დახმარების სურვილმა გააერთიანა მისი მეგობრები და მოსწავლეები: დავით ხრიკული, სანდრო ნებიერიძე, ანა ჭანია, ელისო ბაბუაძე, თამარ ქორქაძე, ირინა პლატონოვა, ელენე შაშიაშვილი, ბელა ურუშაძე, ქეთი კვიცინაძე, სოფო შარაშენიძე, სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედის” უფროსკლასელთა ორკესტრი და გუნდი, დირიჟორი ვახტანგ კახიძე.