„ფიროსმანის აღდგენის“ მასშტაბური პროექტი:  „თამარ მეფე“ და „შოთა რუსთაველი“ „თი-ბი-სი გალერეაში“ გამოიფინება

ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატებს – „თამარ მეფესა“ და „შოთა რუსთაველს“ რესტავრაცია ჩაუტარდა. როგორც „კვირას“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განუცხადეს, სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და „თი-ბი-სი ბანკის“ დაფინანსებით, „ფიროსმანის აღდგენის“ მასშტაბური პროექტი განხორციელდა.
სურათებს რესტავრაციას შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის სარესტავრაციო სახელოსნოს სპეციალისტები – ნანა მანაგაძე და ეველინა კარსელი სამი თვის განმავლობაში უტარებდნენ.
„2 თებერვალს, 18:30 საათზე, „თი-ბი-სი გალერეაში“, მირზაანის კოლექციაში დაცულ ფიროსმანის სხვა ნამუშევრებთან ერთად, აღდგენილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და „თი-ბი-სი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე დაესწრებიან.
გამოფენა, რომელიც 3 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება, საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. სკოლის მოსწავლეებისათვის მოეწყობა საგანმანათლებლო ტურები, რომელთა მიზანია ფიროსმანის შემოქმედების უფრო ახლოს გაცნობა. მუზეუმის გიდი მოსწავლეებს მოუყვება ისტორიებს ფიროსმანის შესახებ, ასევე დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს ანიმაცია ფიროსმანის შესახებ, რომელიც „თი-ბი-სი ბანკის“ ინიციატივითა და დაფინანსებით შეიქმნა.
„თამარ მეფისა“ და „შოთა რუსთაველის“ პორტრეტები ფიროსმანის მიერ 1913-1914 წლებშია შესრულებული. მირზაანის კოლექციაში ეს ნამუშევრები 1989 წელს მოხვდა. მანამდე ისინი ცნობილი ფილოლოგის იოსებ მეგრელიძისა და თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძის კერძო კოლექციაში, შემდეგ კი ხალხთა მეგობრობის მუზეუმში ინახებოდა. ამ უკანასკნელმა მოგვიანებით ფიროსმანის „თამარი“ და „რუსთაველი“ საჩუქრად მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმს გადასცა. ამ დროისათვის ნამუშევრებზე უკვე ჩატარებული იყო რესტავრაცია, თუმცა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო, ნამუშევრები დაზიანებული იყო“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები