„თბილისის მერიას არ გააჩნია ვალდებულება, „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებზე კომპენსაცია გასცეს“

თბილისის მერიას არ გააჩნია ვალდებულება, რომ „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეებისთვის კომპენსაცია გასცეს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, გულიკო ზუმბაძემ დღეს „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის და შემდგომ დაზარალებულ მოვაჭრეების მიმართ პასუხისმგებლობა მთლიანად სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციას ეკისრება. როგორც გულიკო ზუმბაძემ აღნიშნა, მოვაჭრეებს ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდათ „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციასთან. ამასთან, ზუმბაძე აცხადებს, რომ სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყარო” თბილისის მერიის მიერ არ იყო დაფუძნებული და ის კერძო ორგანიზაციას წარმოადგენდა.
გულიკო ზუმბაძეს არასწორად და უპასუხისმგებლოდ მიაჩნია, ის, რომ დაზარალებულმა მოვაჭრეებმა კომპენსაცია თბილისის მერიას მოსთხოვონ. დღესვე, თბილისის საკრებულოს წევრმა მოვაჭრეებსა და „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებიც გაახმაურა. გაირკვა, რომ ხელშეკრულების თანახმად, ადმინისტრაცია მოვაჭრეების კუთვნილ საქონელზე პასუხს არ აგებს.
„ ვფიქრობ რომ, სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარსაწინააღმდეგო ზომები არ იყო დაცული და გაუმართავი იყო. ამის საფუძველს ხანძრის გლობალური მასშტაბები მაძლევს. შენობა მთლიანად დაიწვა და მასშტაბი იყო ძალიან დიდი. როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, დაცვის მექანიზმი გვაქვს მხედველობაში. ეს დაცვა არის ცოცხალი ადამიანი, რომელსაც უნდა შეემჩნია და აღმოეფხვრა ის ხანძრის კერა, რომელიც თავდაპირველად გაჩნდა. აქედან გამომდინარე, სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყარო“ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით. გამოძიება დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზს. საუბარია სხვადასხვა ათას ვერსიაზე, თავს შევიკავებ რომელიმე ვერსიის გამჟღავნებაზე, ვინაიდან ეს არის კომპეტენტური გამოძიების პრეროგატივა.
თბილისის მერიას არ გააჩნია ვალდებულება ამ ტიპის შემთხვევებისთვის, რომ კომპენსაცია გასცეს. ის არ წარმოადგენდა მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას. ეს იყო კერძო კომპანიები. „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციასთან ინდმეწარმეებს ჰქონდათ გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც ეწერა, რომ ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს მათ ქონებაზე. ამ ტიპის ხელშეკრულებები არსებობს და ბუნებრივია, მოვაჭრეები დათანხმდნენ ამ ტიპის ხელშეკრულებას. ამის შემდეგ , როდესაც ასეთი უბედურება მოხდა, მერიისგან მოითხოვო კომპენსაცია, ეს არასწორია.
თუმცა გარკვეული ვალდებულებები ხელისუფლებას გააჩნია. ხელისუფლება ვალდებულია, რომ საინფორმაციო უზრუნველყოფა განახორციელოს. განახორციელონ პრევენციული ღონისძიებები, რომ არ მოხდეს ამ ტიპის შემთხვევები და რა თქმა უნდა, გარკვეული პასუხიმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ვფიქრობ, რომ ჩვენ, მერიასთან ერთად, უნდა ვიმსჯელოთ, როგორ დავეხმაროთ ამ ადამიანებს. მაგრამ დღეს საუბარი იმაზე, რომ ზარალის ოდენობაც კი არ ვიცით და მთელი პასუხისმგებლობა აიღოს მერიამ, მიმაჩნია, რომ ეს უპასუხისმგებლო განცხადებაა“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები