გიორგი კახიანი : კანონმდებლობა ისე უნდა მოვაწესრიგოთ, რომ პირად ცხოვრებაში ჩარევის შესაძლო ფაქტები გამოირიცხოს და არც ეროვნული უსაფრთხოება დაზიანდეს

“სამუშაო ჯგუფმა, რომელიც შექმნილი იყო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობის შემუშავებისთვის, მუშაობა დაასრულა და კანონპროექტი შემუშავებულია”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კანონმდებლობა ისე უნდა მოწესრიგდეს, რომ პირად ცხოვრებაში ჩარევის შესაძლო ფაქტები ყველანაირად იყოს გამორიცხული და ამასთან, არც ეროვნული უსაფრთხოება უნდა დაზიანდეს. როგორც კახიანმა განმარტა, კანონპროექტის მიხედვით, იქმნება დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც სწორედ ამ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, მთელი რიგი ფუნქციები ექნება – ეს იქნება დამოუკიდებელი ორგანო და სწორედ იგი განახორციელებს ამ ფუნქციებს.
„პირად ცხოვრებაში ჩარევის შესაძლო ფაქტები კანონმდებლობით ყველანაირად უნდა იყოს გამორიცხული და მეორე არის ის,რომ ეროვნულ უსაფრთხოებას, კრიმინალთან ბრძოლის ეფექტურობას და ა.შ. რაიმე საფრთხეები არ უნდა შეექმნას. სასწორზე ეს ორი ღირებულება დევს. კანონმდებლობა იმდაგვარად უნდა მოვაწესრიგოთ, რომ არც ერთი და არც მეორე არ უნდა დაზიანდეს. არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ – ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც გარკვეული კონტურები მოხაზა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ეს უწყება, რა პრინციპებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვთვლი, რომ ეს ახალი ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო, რომელიც იქმნება კანონპროექტის მიხედვით, ამ თვალსაზრისით, არის სწორად შემუშავებული უწყება და კანონპროექტი, რომელიც მრავალმხრივი კონტროლის შედეგად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ერთი მხრივ, არც ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის შესაძლებლობას იძლეოდეს ამა თუ იმ უწყებისთვის და იმავდროულად, უსაფრთხოების ნაწილშიც იყოს ეფექტური“, -განაცხადა კახიანმა.
მისი შეფასებით, ეს კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთანაც შესაბამისობაშია. „ეს არ არის საგამოძიებო უწყება, ეს არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისითაც, კანონპროექტი არის გამართული. აქამდე, ის, რაც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ხდებოდა, იყო დახურული ფორმატი. ამაზე ბუნებრივია, საჯარო მსჯელობა დაიწყება, როდესაც კანონპროექტის ინიცირება მოხდება”, – აღნიშნა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები