გულიკო ზუმბაძე: „ბავშვთა სამყარო“ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა – შენობაში უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო

„ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, გულიკო ზუმბაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო და მთლიანად სისტემა გაუმართავი იყო. დეპუტატმა პოლიტიკური სუბიექტები შემთხვევის ადგილიდან გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არ შეიძლება დაზარალებული მოვაჭრეების მდგომარეობა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.
„უპირველესად, ძალან მნიშვნელოვანია, რომ სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრებმა იმსჯელეს ამ ადამიანების დასახმარებლად. დღეს ეს ადამიანები არიან მძიმე მდგომარეობაში, მატერიალური და ემოციური თვალსაზრისით და არ შეიძლება ამ ადამიანების მდგომარეობა გამოვიყენოთ პოლიტიკური მიზნებისთვის და მათ მიიღონ დამატებითი სტრესი. მხედველობაში მაქვს მერიის შენობაში შეჭრის ფაქტები, აქციების ფაქტები. ბუნებრივია, ასე საქმე არ კეთდება და ეს საქმე ასე მოკლე დროში არ გადაწყდება. მთავარია, კოორდინირებულად და გონივრულად მივხედოთ ამ საქმეს და მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ ამ ადამიანების დასახმარებლად. „ბავშვთა სამყარო“ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. იქ უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული და სისტემა იყო გაუმართავი“, – განაცხადა ზუმბაძემ.
როგორც ზუმბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად მოვაჭრეების გარდა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებებიც დაზარალდნენ.
„იქ მხოლოდ მოვაჭრეები არ დაზარალებულან. მიმდებარე ტერიტორიის შენობებშიც შეღწეულია ხანძრის ჭვარტლი და არის დაზიანებული სამედიცინო დაწესებულებებიც. ეს პრობლემა მათაც შეეხოთ. მიმართულება, რომელიც დღეს მერიას აქვს, ვფიქრობ, სწორია. არის ინტენსიური მოლაპარაკებები ეროვნულ ბანკთან, კრედიტების გადავადებასთან და შეღავათების მიცემასთან დაკავშირებით, ასევე, მოლაპარაკება მიმდინარეობს ფინანსთა სამინისტროსა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ, მოლაპარაკებებია სხვადასხვა ბაზრობებთან, რათა მათ, ვისი ქონებაც გადარჩა, განაახლონ მუშაობა“,- აღნიშნა გულიკო ზუმბაძემ.
ამასთან, გულიკო ზუმბაძის განცხადებით, „ლილო მოლის“ ადმინისტრაციამ დაზარალებული მოვაჭრეებისთვის ფართის გამოყოფის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. „მე მოლაპარაკებები მქონდა „ლილო მოლის“ ადმინისტრაციასთან, ისინი თანახმანი არიან, რომ დაზარალებულებს კარგი პირობები შეუქმნან, რათა მათ გააგრძელონ მუშაობა“,-განაცხადა ზუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები