“ბავშვთა სამყაროს” დირექტორი: თანახმა ვართ, მიმდინარე წლის მოგება დაზარალებულებს გადავუნაწილოთ 

“თუ ყველა აქციონერი დათანხმდება, მაშინ ჩვენ მიმდინარე წლის მოგებას დაზარალებულ ხალხს გადავუნაწილებთ“, – ამის შესახებ ერთ-ერთმა აქციონერმა და ”ბავშვთა სამყაროს” აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, იგი ამ ინიციატივას აქციონერთა კრებაზე გაახმოვანებს.
”ყოველ წელს აქციონერები ვინაწილებთ დივიდენდებს, ანუ მიმდინარე წლის მოგებას. ჩვენ, აქციონერთა უმეტესობას, გადაწყვეტილი გვაქვს, მოვიწვიოთ კრება, სადაც აღნიშნულ წინადადებას გავაჟღერებთ. იმ შემთხვევაში, თუ ყველა აქციონერი დათანხმდება ამ პირობას, მაშინ ჩვენ  მიმდინარე წლის მოგებას დაზარალებულ ხალხს გადავუნაწილებთ, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ეს გადაწყვეტილება მისაღები იქნება ინდივიდუალურად და არ იქნება სავალდებულო”, – განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.
რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებზე დასმულ შეკითხვას, თუ რამდენად შეეფერებოდა „ბავშვთა სამყაროში“ უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია სავალდებულო ნორმებს, გიორგი მაჭავარიანმა განმარტა, რომ შენობაში დამონტაჟებული იყო ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა და იმას, თუ რამდენად კარგად იმუშავა მან, ამას გამოძიება დაადგენს.
”ჩვენ გვქონდა გაყვანილობა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, ახლაც არის ჭერში შემორჩენილი. თუ რამდენად ჩაირთო და რამდენად იმუშავა აღნიშნულმა სისტემამ, ამას უკვე გამოძიება დაადგენს”, – განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები