ნარმანია: თბილისის მერია შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს დაზარალებულების დასახმარებლად

“კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში, მერია შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს დაზარალებულების დასახმარებლად”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებთან დაკავშირებით განაცხადა.
თბილისის მერმა ასევე ხაზი გაუსვა საგამოძიებო მოქმედებების გაგრძელების მნიშვნელობას, რათა უახლოეს მომავალში პასუხი გაეცეს ყველა იმ კითხვას, რომლებიც მოვაჭრეებს აქვთ.
დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ამ დროისათვის, მიმდინარეობს შენობის ცალკეული ნაწილების დროებით გამაგრების სამუშაოები და სამართალდამცველების თანხლებით, ეტაპობრივად შედიან მოვაჭრეები გადარჩენილი ნივთების გამოსატანად. რაც შეეხება ბაზრობების ასოციაციის ჩართულობას, თბილისის მერის თქმით, გუშინ რამდენიმე ბაზრობის ადმინისტრაცია დაუკავშირდა მერიას და დაზარალებულებისთვის ალტერნატიული ფართების შეთავაზების შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა.
კერძოდ, „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებს ისინი 3-დან 6-თვემდე შეღავათიან რეჟიმში მოემსახურებიან.
თბილისის მერის განცხადებით, კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში, თბილისის მერია შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს, თუმცა ძირითადი და დიდი პასუხისმგებლობა აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციას ეკისრება.
სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი 30 იანვარს, გამთენიისას გაჩნდა. მას შემდეგ ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერიის წარმომადგენლები. მოვაჭრეებს პირადად შეხვდა და გაესაუბრა თბილისის მერი დავით ნარმანია, ასევე, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი. მთელი დღის განმავლობაში, ადგილზე იმყოფებოდა ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, რომელიც „ბავშვთა სამყაროსთან“ დღეს დილითაც მივიდა და მოვაჭრეების შენობაში შეყვანის პროცესს პირადად დაესწრო, რის შემდეგაც მერიაში გამართული შეხვედრის მონაწილეებს შემთხვევის ადგილიდან ბოლო ინფორმაცია მიაწოდა.
თბილისის მერიაში, „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით და მოვაჭრეების პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობის მიზნით, საკოორდინაციო თათბირი მიმდინარეობს, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაზე მხარეები ოპერატიულად მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონკრეტულ მექანიზმებზე მსჯელობენ. თბილისის მერიაში „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო თათბირს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, ბიზნესომბუდსმენი, საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე, „ბავშვთა სამყაროს“ და ბაზრობების ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილეები – გიგა ნიკოლეიშვილი, ნატო ქიტიაშვილი, ნინა ხატისკაცი და დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები