„მნიშვნელოვანია ბანკების სოლიდარული პასუხისმგებლობა – გადაუვადონ კრედიტები იმ ადამიანებს, რომლებმაც ზიანი მიიღეს“

თბილისის მერიაში „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით და მოვაჭრეების პრობლემების გადაჭრის გზებზე სამსჯელოდ საკოორდინაციო თათბირი მიმდინარეობს, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაზე მხარეები ოპერატიულად მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონკრეტულ მექანიზმებზე მსჯელობენ.
თათბირის დაწყებამდე თბილისის მერმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდნიმე უწყების ჩართულობა, რათა სათანადო შედეგები მაქსიმალურად კოორდინირებულ რეჟიმში იქნეს მიღწეული. მან მეხანძრე-მაშველებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
„პირველივე წუთიდან დაიწყო აქტიური მუშაობა იმაზე, რომ სხვადასხვა უწყების აქტიური ჩართულობით მოგვეხერხებინა შედეგების სწრაფი ლიკვიდაცია. ასევე, გაგვეწია მაქსიმალური მხარდაჭერა დაზარალებულებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე უწყების აქტიური ჩართულობა და სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ ჩვენ დღეს, რომ ერთი მხრივ, შევაჯამოთ გუშინდელი დღის განმავლობაში გაწეული საქმიანობა და მეორე მხრივ, ვისაუბროთ დღევანდელი დღის აქტივობებზე, ღონისძიებებზე, რომლებიც უახლოესი დღეების განმავლობაში იქნება გასატარებელი, რათა  მაქსიმალურად კოორდინირებულ რეჟიმში შევძლოთ სათანადო შედეგების მიღწევა.  დღეს ჩვენ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები გვესწრებიან, რომლებიც ისაუბრებენ დაზიანებული საქონლის იდენტიფიკაციაზე, მის ჩამოწერასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რათა საგადასახადო ვალდებულებები არ გაეზარდოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ისედაც მიიღეს ზიანი და ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება იმისათვის, რომ შეუმსუბუქდეთ დაზარალებულებს არსებული მდგომარეობა. ამასთან, როგორც თქვენთვის ცნობილია, გუშინ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ უწყებების კოორდინაციით კომერციულმა ბანკებმა და სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებებმა გამოიჩინონ სოლიდარული პასუხისმგებლობა – გადაუვადონ კრედიტები იმ ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს ზიანი. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და თითოეული საბანკო დაწესებულების ჩართულობა, ამ თვალსაზრისით, იქნება აუცილებელი“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი 30 იანვარს, გამთენიისას გაჩნდა. მას შემდეგ ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერიის წარმომადგენლები. მოვაჭრეებს პირადად შეხვდა და გაესაუბრა თბილისის მერი დავით ნარმანია, ასევე, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი. მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, რომელიც „ბავშვთა სამყაროსთან“ დღეს დილითაც მივიდა და მოვაჭრეების შენობაში შეყვანის პროცესს პირადად დაესწრო, რის შემდეგაც მერიაში გამართული შეხვედრის მონაწილეებს შემთხვევის ადგილიდან ბოლო ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები