პოლიტოლოგის შეფასებით, პრეზიდენტი “ვეტომანიითაა დაავადებული”

“სამწუხაროდ, პრეზიდენტი გადაიქცა ოპოზიციის პრეზიდენტად. მე მას არ ვთვლი საქართველოს პირველ პირად. ის “ვეტომანიით” არის დაავადებული, რომლის განკურნებაც სამწუხაროდ ვერ ხერხდება,” – ასე აფასებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა გაზეთ „რეზონანსთან“ სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და უმრავლესობის მორიგ დაპირისპირებას. მისი აზრით, პრეზიდენტი გარკვეული ორგანიზაციის ჩამოყალიბებასა და პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას გეგმავს, რაც არ გამოუვა.
„რა უნდა პრეზიდენტს, მან ხომ ძალიან კარგად იცის, რომ მისი ყველა ვეტო ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტის დროს იქნა დაძლეული და ამ პარლამენტის მიერაც დაიძლევა. მაშინ რა სჭირდება პრეზიდენტს და რას თამაშობს?! – მას უნდა ჩამოყალიბდეს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რაღაც პოლიტიკური ძალა, შეაკოწიწოს პარტიები და დაიწყოს ბრძოლა ხელისუფლებაში მოსასვლელად. თუმცა მას ეს არ გამოუვა, რადგან ის არც პოლიტიკურად და არც პიროვნულად არ არის მზად, რომ მოახერხოს რაღაც ორგანიზაციის შექმნა და საზოგადოების მხარდაჭერა”, – აცხადებს კვესელავა.
რაც შეეხება “ბავშვთა სამყაროში” ხანძრის გაჩენის გუშინდელ ინციდენტს, პოლიტოლოგის აზრით, თუ ვიღაცამ კერძო ინტერესების გამო ჩაიდინა მსგავსი დანაშაული, ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. კვესელავა ამ საქმეში ხელისუფლების დაინტერესებას გამორიცხავს და ამბობს, რომ ოპოზიცია სტიქიურ მოვლენებზეც კი ხელს მთავრობისკენ იშვერს, რაც არასწორია. „როგორ შეიძლება, ხელისუფლებას, რომელსაც უჭირს და მთავრობას 100 დღე არ არის გასვლია დანიშვნიდან, ხანძრის გაჩენის დაინტერესება ჰქონდეს“, – ამბობს კვესელავა.
იგორ კვესელავა საკონსტიტუციო ცვლილებებზეც საუბრობს. მისი აზრით, პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს, რადგან ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკისკენ მიდის. კვესელავა ხაზს უსვამს, რომ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაში ქვეყანა საკმაოდ დიდ თანხას დაზოგავს. პოლიტოლოგი კიდევ ერთ საკონსტიტუციო ცვლილებას ეხება. ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადმოტანა აუცილებელია, ქუთაისის პარლამენტის შენობა კი ტექნოლოგიურ ინსტიტუტს უნდა გადაეცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები