“ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება არა ერთ, არამედ, რამდენიმე პირს ეძებს

“76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება არა ერთ, არამედ, რამდენიმე პირს ეძებს“. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ დღევანდელ ნომერში წერს.
პროკურორ ინა გუგუშვილის თქმით, აღნიშნულ პირებზე საქმე ცალკეა გამოყოფილი და გამოძიება მიმდინარეობს.
გამოცემის ინფორმაციით, გამოძიებამ ბექა შენგელიას სახლში ხმის ჩამწერი აპარატურა დაამონტაჟა და კანონიერი გზით მოიპოვა ჩანაწერი, სადაც უცნობი პიროვნება ირმა ყოჩიაშვილსა და ბექა შენგელიას მკვლელობასთან დაკავშირებით რჩევებს აძლევდა. ჩანაწერში ისმის დაუდგენელი პირის მითითება, რომელიც ამბობს: „გვამს მჟავა რატომ არ გადაასხითო“.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ ხმის ავტორის ვინაობა ამ დრომდე უცნობია, პროკურატურას ეჭვი ბექა შენგელიას მამიდაშვილზე, დათა კვარაცხელიაზე აქვს, რომელსაც ბრალდების მხარე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
დათა კვარაცხელია ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მან მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა. როგორც ირკვევა, ერთადერთი ადამიანი, რომელიც დათა კვარაცხელიას წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას, ირმა ყოჩიაშვილია. მისი თქმით, ის ღამის 5 საათზე ბექა შენგელიასთან სახლში მივიდა, სადაც დათა კვარაცხელია დახვდა და მკვლელობის შესახებ მოუყვა. როგორც გამოცემას კვარაცხელიას ადვოკატმა ნიკა სადრაძემ განუცხადა, საქმის მასალებში მართლაც არის ჩანაწერი, რომელიც ღამის 5 საათზე, ირმა ყოჩიაშვილის, ბექა შენგელიასა და უცნობი პირის საუბარს აღწერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები