ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული ორი გამომცემლობა გახდა

გამომცემლობა „აგორა“ და „ელფის გამომცემლობა“, ევროკავშირის პროგრამის – „შემოქმედებითი ევროპის“ ფარგლებში, ლიტერატურული კონკურსის – „ლიტერატურული თარგმანი“ გამარჯვებულები გახდნენ.
როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამომცემლობებმა საკუთარი პროექტების განსახორციელებლად ევროკავშირისგან დაფინანსება მოიპოვეს, რის შედეგადაც, უახლოეს მომავალში, ქართული ლიტერატურა თანამედროვე უცხოური ლიტერატურის თარგმანებით გამდიდრდება.
ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს, კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას „შემოქმედებითი ევროპის“ დესკის კულტურის ქვეპროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან შენგელია და გამარჯვებული გამომცემლობების წარმომადგენლები – თინათინ დიდებულიძე და მარინე ბალავაძე უძღვებოდნენ.
კონკურსი „ლიტერატურული თარგმანი“ წელიწადში ერთხელ იმართება. 2016 წელს, კონკურსში 247 გამომცემლობა მონაწილეობდა. გამოვლინდა, სულ 37 გამარჯვებული – მათგან ორი, ქართული გამომცემლობაა.
გამომცემლობა „აგორა“ კონკურსის გამარჯვებული პროექტით – „ევროპის ლიტერატურის მოზაიკა” გახდა. პროექტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ავტორთა თარგმანებს აერთიანებს. ქართულ ენაზე სათარგმნად შეირჩა ორი ფრანგი (რომენ გარი და დანიელ პენაკი), ბელგიელი (იზაბელ ვერი), ირლანდიელი (დონალდ რაიანი), ინგლისელი (იზაბელ ვაილდი), იტალიელი (იტალო კალვინო) და თურქი (ილჰამ ჩელინი) ავტორები. პროექტის ხანგრძლივობა ორი წელია. სულ, გამოიცემა 10 ნაწარმოების თარგმანი.
კონკურსში, ასევე გაიმარჯვა „ელფის გამომცემლობის“ პროექტმა, სახელწოდებით, „პირველად საქართველოში- ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის 10 ლაურეატი“.
პროექტი ითვალისწინებს ქართულ ენაზე შემდეგი ავტორების ნაწარმოებების თარგმნას: ლაურენს პლაზენეტის – „ერთადერთი სიყვარული (საფრანგეთი)“; მარიკა ბოდროჟიცის – „ალუბლის ხე და ძველი გრძნობა (გერმანია)“; ლორენცო ამურის – „აპნოე (იტალია)“, ბირგულ ოგუზის – „ჰა (ამოსუნთქვა)“, (თურქეთი); ანა კიმის – „გაყინული დრო (ავსტრია)“; კარლ ფროდე ტილერის – „ალყაშემორტყმა (ნორვეგია)“; კატრი ლიპსონის – „მენაყინე (ფინეთი)“; ირის ჰანიკას – „ნამდვილი (გერმანია)“; ემანუელე პაგანოს – „გამოქვაბულის თინეიჯერები (საფრანგეთი)“; მაკის ციტასის – „ღმერთია მოწმე (საბერძნეთი)“.
კონკურსის „ლიტერატურული თარგმანი“ მიზანია კულტურული და ლინგვისტური მრავალფეროვნების მხარდაჭერა, მაღალი ხარისხის ლიტერატურული ნამუშევრების გავრცელება, აგრეთვე, თარგმნილ ლიტერატურაზე წვდომის გაუმჯობესება, როგორც ევროკავშირში, ასევე, მის საზღვრებს გარეთ.
2016 წელს, პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ ფარგლებში, როგორც კულტურის, ასევე მედიის ქვეპროგრამის მიმართულებით, წარმატება მოიპოვა შვიდმა ქართულმა ორგანიზაციამ: 1. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (ლიდერი ქვეყანა საფრანგეთი) – European Theatre Lab: Drama goes digital; 2. CineDoc-თბილისის საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ფესტივალი 2016– Nosfera Foundation NNLE; 3. სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი (ლიდერი ქვეყანა – დიდი ბრიტანეთი) – “European Film Clubs school licensing”- პარტნიორი; 4. ჯადოსნური ლამპარი (ლიდერი ქვეყანა საფრანგეთი) – The Short Lessons in Cinema”; 5. დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტი- School of Film Agents; 6.გამომცემლობა აგორა- Mosaïque de la littérature Européenne; 7. ელფის გამომცემლობა- First time in Georgia; 10.  EU Literature Prize winners.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები