გიორგი ცერცვაძის მიმართ საექსტრადიციო წარმოება უახლოეს პერიოდში დასრულდება

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში დაკავებული ქართველი სამხედრო, ვიცე პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე გაათავისუფლეს და მის მიმართ უახლოეს პერიოდში დასრულდება საექსტრადიციო წარმოებაც.
უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურა კვლავაც გააგრძელებს უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობას მანამ, სანამ საბოლოოდ გია ცერცვაძის სასარგებლოდ არ დასრულდება მის მიმართ მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები.
“გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ როგორც უკრაინელი კოლეგებისგან ჩვენთვის ამ წუთებში გახდა ცნობილი, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქე გია ცერცვაძე, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზნით. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გია ცერცვაძე მიმართ ასევე უახლოეს პერიოდში დასრულდება საექსტრადიციო წარმოებაც, რომელიც ფორმალური გარემოებების გათვალისწინებით გარკვეული პროცედურების განხორციელებას გულისხმობს. როგორც წინა დღეებში, საქართველოს მთავარი პროკურატურა კვლავაც გააგრძელებს უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობას მანამ, სანამ საბოლოოდ გია ცერცვაძის სასარგებლოდ არ დასრულდება მის მიმართ მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები”,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
გიორგი ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის მოთხოვნით უკრაინაში 15 იანვარს დააკავეს.
ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს თითქოს ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებს, მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წლის 23 დეკემბრის, ანუ 13 წლის შემდეგ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები