ზაზა ხუციშვილი: “ნაციონალები” ცერცვაძეზე ისტერიკით დაკარგული ადგილის აღდგენას ცდილობენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის დაკავების თემასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ოპოზიციის მხრიდან ხელახლა თავის დამკვიდრების მცდელობად აფასებს. როგორც „კვირას“ დეპუტატმა თემის კომენტირებისას განუცხადა, ოპოზიცია ყველა თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას ცდილობს, რადგან მისივე თქმით, პარტიას ორივე მხარეს საქმე ძალიან ცუდად აქვს. ამასთან, ხუციშვილმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე გია ცერცვაძის ინტერესების დასაცავად ყველაფერს აკეთებს და უკრაინულ მხარესთან მუდმივ კომუნიკაციაშია.
უმრავლესობის დეპუტატი გია ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემას გამორიცხავს, რადგან აცხადებს, რომ უკრაინასა და საქართველოს რუსეთის მიმართ მსგავსი სტრატეგიული ინტერესები აქვთ. დეპუტატის თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საკუთარ მეომრებს სასტიკად გაუსწორდა, ამჟამინდელი ხელისუფლების მისამართით გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლო და უსამართლოა.
„ოპოზიცია ყველა თემაზე ცდილობს ისტერიკა მოაწყოს, რადგან პარტიის ორივე მხარეს საქმე ძალიან ცუდად აქვს. რაც შეეხება პოლკოვნიკ ცერცვაძის საქმეს, ჩვენი და უკრაინის სტრატეგიული ინტერესები ერთი და იგივეა და ორივე ქვეყანა რუსეთთან კონფრონტაციულ მდგომარეობაშია, ამიტომ ძალიან მცირე შანსი არსებობს იმისა, რომ უკრაინამ ჩვენი მოქალაქე რუსეთს გადასცეს. ასე რომ, ოპოზიცია ყოველთვის პოლიტიკურ ჭრილში უყურებს ყველა თემას. გუნდმა, რომელმაც პრაქტიკულად უგუნური ქმედებებით, სიმწრით გაყვანილი რუსული ბაზები საქართველოში დააბრუნა, უამრავი გაფრთხილების შემდეგ, ვინც გმირთა მემორიალთან მეომარი ბიჭებს სასტიკად სცემა და მათი ცოლებიც ზედ მიაყოლა, ჩვენი მისამართით გამოთქმული ბრალდებები, რომ ამ ადამიანებზე არ ვზრუნავთ, აბსოლუტური უმსგავსობაა. ჩვენი მთავრობა უკრაინის მხარესთან მუდმივ კომუნიკაციაშია და ინტენსიური მუშაობა მიდის ამ თემასთან დაკავშირებით. მისი ინტერესები სერიოზულად იქნება დაცული. ამ ისტერიკით ისევ ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ. რაც მაგათ სტრატეგიული ობიექტები ჩაუგდეს რუსეთს ხელში, ერთი ფურცელი არ ეყოფა, რომ ჩამოწერო“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები