ზვიად ძიძიგური: სააკაშვილი ქართველი სამხედროს თემის პოლიტიზირებით ქულების ჩაწერას ცდილობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი და “ნაცმოძრაობა” უკრაინაში დაკავებული გია ცერცვაძის საკითხის პოლიტიზებას ახდენენ.
მისი თქმით, სახელმწიფომ რაც უნდა გააკეთოს თავისი მოქალაქის დასაცავად, ყველაფერი გააკეთა.
“ეს არის ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟი, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” სხვადასხვა ფრთის ინტერესშია. მათ აქვთ სერიოზული კონკურენცია, ვინ უფრო მეტად გააკრიტიკებს ხელისუფლებას და ცდილობენ ამით ქულების ჩაწერას”, – განაცხადა ძიძიგურმა.
დეპუტატმა სააკაშვილის ბრალდებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ “გია ცერცვაძესთან მიმართებაში, ივანიშვილისკენ ხელის გაშვერა ბოდვაა”.
“რაც შეეხება სააკაშვილის ბრალდებებს, რომ ივანიშვილია შემოქმედი გია ცერცვაძის ირგვლივ არსებული სიტუაციისა და თურმე ივანიშვილი სამხედრო საიდუმლოებებს აწვდის რუსეთს, არასწორია. სააკაშვილს, ეტყობა, ბევრი წარუმატებლობისაგან ფსიქიკა მთლიანად აქვს მოშლილი და აშკარად სჭირდება კლინიკური ზედამხედველობა”, – აღნიშნა ძიძიგურმა.
ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ქართველი ჯარისკაცი, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის მოთხოვნით იქნა დაკავებული. გია ცერცვაძე უკრაინაში 15 იანვარს დააკავეს.
ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს თითქოსდა ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებს, მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წლის 23 დეკემბრის, ანუ 13 წლის შემდეგ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები