ქანთარია “ნაცმოძრაობაზე”: ენას კბილი უნდა დააჭირონ, როდესაც ადამიანის გაჭირვებაზეა საუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ოპონენტებს მოუწოდებს, „ენას კბილი უნდა დააჭირონ, როდესაც ადამიანის გაჭირვებაზეა საუბარი“. როგორც „კვირას“ დეპუტატმა განუცხადა, უკრაინაში დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკის, გია ცერცვაძის გათავისუფლება 3 თებერვალს მოხდება. თავად დეპუტატს მიაჩნია, რომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის, გია ცერცვაძის დაკავების ფაქტი სამწუხაროა.
„უკრაინაში საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი ძალიან სამწუხაროა. თუმცა ეს ყველაფერი ტრაგედიაში არ გადაზრდილა და არც გადაიზრდება. ტრაგედია იქნება მაშინ, თუ უკრაინა გია ცერცვაძეს რუსეთს გადასცემს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღევანდელი პროცესი ტექნიკური მიზეზის გამო გადაიდო. დარწმუნებული ვარ, რომ გია ცერცვაძის საკითხი 3 თებერვალს დადებითად გადაწყდება და გაათავისუფლებენ. რაც შეეხება დანარჩენ აჟიოტაჟს, რა აჟიოტაჟიც არის ამ საკითხზე ატეხილი „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი დაშლილი დანაყოფების მხრიდან, ეს არის ზღვარს გადასული. ეს ყველაფერი ერთადერთ მიზეზს ემსახურება, ყველაფერი იმისთვისაა ატეხილი, რომ რაღაცნაირად მოსცხონ ჩირქი არსებულ ხელისუფლებას, ადამიანის გაჭირვებით კი რაღაც ბონუსები აიღონ. მათი მხრიდან, ეს არის ელემენტარული, უბადრუკი, განწირული ქმედებები და უკვე ზღვარს გადადიან. ენას კბილი უნდა დააჭირონ, როდესაც საუბარია ადამიანის გაჭირვებაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობა, მთავარი პროკურორი, საგარეო საქმეთა მინისტრი და უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება მაქსიმალურად არიან ჩართულნი ამ საკითხში და ცდილობენ, რომ ეს ადამიანი აღმოჩნდეს თავისუფლებაში, რომელიც თავისი პასუხისმგებლობის გამო, უკრაინაში ჩავიდა, რადგან გია ცერცვაძეს იქ აქვს სამუშაო“, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები