შვედეთის სამეფოში ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, საკანონმდებლო ორგანოს – რიკსდაგს ესტუმრა.
შვედეთის პარლამენტში ქართულ მხარეს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ალან ვიდმანმა უმასპინძლა. ლევან იზორიამ შვედ კანონმდებლებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი და თავდაცვის სტრატეგიული განვითარების ხედვა გააცნო.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე გააჟღერა ინიციატივა სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების ფორმატში საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციისა და გაფართოების შესახებ.
შეხვედრაზე ასევე, განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის, ნატოს ეგიდით მიმდინარე პროექტები, მზადყოფნის პროგრამა და საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში. თავდაცვის მინისტრის თქმით, შვედ ექსპერტებთან კონსულტაციები არსებითად მნიშვნელოვანია რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის და ქართველ სამხედროებს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს, მათ შორის, სამხედრო განათლების კუთხითაც.
შეხვედრაზე შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ალან ვიდმანმა განაცხადა, რომ შვედეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს.
შვედი პარლამენტარების შეკითხვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია პასუხობდნენ.
დისკუსიას საქართველოს თავდაცვის ატაშე ფინეთში, შვედეთში, ნორვეგიასა და დანიაში ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ ჯამურელი და შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩი მალხაზ კაკაბაძე ესწრებოდნენ. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზეც იმსჯელეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შვედეთის სამეფოსა და საქართველოს სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებთ.
ლევან იზორიას განცხადებით, ქართული მხარე მზად არის, შვედეთის სამეფოსთან პარტნიორობა კიდევ უფრო გააფართოვოს. მისივე თქმით, საქართველოსთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვისა და დემოკრატიული რეფორმების გატარების პარალელურად, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიმდინარე პროექტებში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების აქტიური ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ამ კონტექსტში კი მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 2017 წლის თებერვლიდან ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში შვედი ექსპერტის ჩართულობაზე, რომელიც ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. შვედეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო უელსის სამიტზე მიღებული გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის ფორმატს, რომელშიც საქართველო და შვედეთია გაწევრიანებული. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყანა აღნიშნული მიმართულებით რეგულარულად მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკურ კონსულტაციებსა და სტრატეგიულ დისკუსიებში. შვედეთის სამეფოს საკანონმდებლო ორგანოში – რიკსდაგში სტუმრობით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ სკანდინავიის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ხვალიდან ლევან იზორია, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ესტონეთში გადაინაცვლებს, სადაც ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.