დავით საგანელიძე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრა პროექტის “ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან” ფარგლებში გაიმართა და ასოციაციის წევრი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
დავით საგანელიძის გარდა, საპარტნიორო ფონდის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასევე ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ, საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ჩერქეზიშვილმა და სტარტაპ საქართველოს დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.
შეხვედრაზე საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გააკეთეს ფონდის მიერ განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ და უპასუხეს შეკითხვებს, რომელიც ბიზნეს სექტორის მხრიდან დაისვა.
დავით საგანელიძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობაზე, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას.
„ფონდისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტულ სექტორებში კერძო ინვესტიციების ხელშეწყობაა, სწორედ ამიტომ ენიჭება ამ ფორმატის შეხვედრას დიდი მნიშვნელობა. ჩვენ მოვამზადებთ საინვესტიციო პროექტებს, რომლებსაც ბიზნეს სექტორს შევთავაზებთ. ჩვენი ამოცანაა მოვიცვათ ყველა ის დარგი, რომლითაც ბანკები ნაკლებად ინტერესდებიან და ყველა ის რეგიონი, რომელსაც განვითარება სჭირდება,” -აღნიშნა საგანელიძემ შეხვედრაზე.
2000 წელს დაარსებული საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი ორგანიზაციაა, რომელიც 2000-ზე მეტ მეწარმეს აერთიანებს და ეკონომიკის ყველა სფეროს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები