“15 წლის გოგონას, რომელთანაც მანდატურმა სექსუალური კავშირი დაამყარა, მასზე გათხოვებას აიძულებენ”

“გაუპატიურებულ არასრულწლოვანს მოძალადეზე გათხოვებას აიძულებენ“, – ამ სათაურით გაზეთი „პრაიმტაიმი“ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს. გამოცემა არასრულწლოვანი გოგონას დედას ნინო კ-ს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მზად არის ქალიშვილი მოძალადეს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიათხოვოს.
„მე მინდა მშვიდობა და ის, რომ ნორმალურად მოგვარდეს ეს სიტუაცია. ბიჭი ამბობს, მოვკიდებ გოგოს ხელს და წავიყვან ცოლადო. ბავშვსაც მივხედავ, რომ გაჩნდებაო. აბა რა ქნას, მისი შვილია. თუ უარს იტყვის და ცოლად არ წაიყვანს, მერე უკვე სხვანაირად მივხედავ მაგ საქმეს. მე არ მინდა ჩხუბი და აყალმაყალი. მინდა წყნარად გადაწყდეს ეს საკითხი. რაც მოხდა, მოხდა. მე არაფერი ვიცოდი. 15 წლის არის ბავშვი. ეს კაცი აქვე ცხოვრობს მეზობლად და ჩავაბარე – სკოლაში რომ მიდიოდა მანქანით, გააყოლებდა ხოლმე. ვიფიქრე, უფროსი კაცია და როგორც საკუთარ შვილს, ისე მიაქცევს ყურადღებას-თქო. რა ვიცოდი, ასეთ რამეს თუ უზამდა. სექტემბრიდან ყოფილა ეს ამბავი. იმის წინა წელს არაფერი. გაფუჭებული საქმეა და სხვაგვარად არაფერი იქნება. მაგას რა შველის სხვა, მითხოვების გარდა. ციხეში რომ ჩავსვა, მე რა ხეირი?! პატარამ, ჯერ რომც არ დაბადებულა, რა დააშავა, ხომ სჭირდება მამა და ყურადღება. ჩემმა შვილმა თქვა არანაირი ძალადობა არ ყოფილაო. ამ ამბის მერე ნახევრად მკვდარი ვარ ქალი. სულ არ მიხარია, რომ მაგას უნდა მივათხოვო, მაგრამ რა ვქნა, იმ პატარა ბავშვს ხომ უნდა პატრონი. დამღუპეს და დამაქციეს, მაგრამ ხელი არ დამიკარებია. ფეხმძიმე ბავშვი რომ გამელახა, აქეთ დამაჯენდნენ ციხეში. მე კარგი დედა ვარ. რას ვიფიქრებდი ასე მოხდებოდა. კაცს ჩავაბარე და რა ვიცოდი ასე თუ უკეთებდა. კარგი და სანდო კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა ყოველთვის. მეუღლე მყავს. განიცდის კაცი, მაგრამ რა ქნას. ისიც ამ აზრზეა. ბავშვი 4 თვის ორსულია და ახლა ჩხუბს აზრი არ აქვს. მე არ მინდა, რომ ციხე მისცენ. მთელი სოფელი შეწუხებულია. ყველა იმ აზრზეა, რომ ცოლად უნდა მოიყვანოს“, – განაცხადა არასრულწლოვანის დედამ.
ჟურნალისტის კითხვაზე სჭირდება თუ არა მის არასრულწლოვან ქალიშვილს ფსიქოლოგიური დახმარება, ნინო კ. ამბობს, რომ მისი შვილი საღ გონებაზეა და დალაგებულად საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ იმერეთის ერთ-ერთ სოფელში სკოლის მანდატურმა არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შედეგადაც გოგონა ორსულად დარჩა. მანდატური, რომელიც 15 წლის გოგონასთან სქესობრივ კავშირში ამხილეს, 40 წლის არის. ის სკოლიდან დეკემბერში გაათავისუფლეს. ჯერჯერობით მას ბრალი წარდგენილი არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები