იტალიაში ზვავის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა – სამაშველო ოპერაცია გრძელდება (ფოტო)
იტალიის ცენტრალურ ნაწილში, აბრუცოს პრივინციაში, სადაც ზვავი ჩამოწვა, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მაშველებმა სასტუმროს ნანგრევებში სამი ცხედარი აღმოაჩინეს, თუმცა ისინი ეჭვობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება, ვინაიდან ზვავის ჩამოწოლის მომენტში სასტუმროში 30-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
ზვავის ჩამოწოლა იტალიაში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრამ გამოიწვია. აბრუცოს პროვინციაში ბოლო რამდენიმე დღეა თოვს და მიწისძვრამ მთებზე დადებული თოვლი ზვავად აქცია, რომელიც სასტუმროს დაატყდა თავს.
მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში სასტუმროში ფაქტობრივად ცოცხლად დამარხული ხალხის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს იღებდნენ. ისინი შველას ითხოვდნენ, თუმცა შემთხვევის ადგილზე მისვლა მალე ვერ მოხერხდა, ვინაიდან ზვავმა გზაზე ხეები წააქცია და ის ლოდებით დაფარა.