ამერიკელი ჟურნალისტები ტრამპს აკრიტიკებენ

ამერიკელმა ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს ღია წერილი გაუგზავნეს და ის მედიასთან ურთიერთობის გამო გააკრიტიკეს. ღია წერილი, აშშ-ის მედიის თანამშრომლების სახელით, ტრამპს ჟურნალ “Columbia Journalism Review”-ს მთავარმა რედაქტორმა, კაილ პოუპმა მისწერა.
„თქვენი ინაუგურაციის წინა დღეებში გვსურს გითხრათ, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ თქვენი ადმინისტრაციისა და ამერიკული პრესის ურთიერთობებს. ალბათ თქვენთვის სიურპრიზი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ ურთიერთობები ჩვენ შორის საკმაოდ დაძაბულია“, – წერს პოუპი.
მიმართვის ავტორი ტრამპს აკრიტიკებს იმისთვის, რომ არჩეულმა პრეზიდენტმა „მედიას მისი საქმიანობის გაშუქება აუკრძალა“.
„ტვიტერში თქვენ ზოგიერთ ჟურნალისტს დასცინოდით, ზოგიერთს – ემუქრებოდით და თქვენს მომხრეებს ანალოგიური ქმედებებისკენ მოუწოდებდით. ასევე, თქვენ ცილისწამების გავრცელებისთვის გაურკვეველი შინაარსის კანონების მიღებას ითხოვთ და სხვადასხვა სუბიექტებს სასამართლოში სარჩელებით ემუქრებით”, – წერს ჟურნალისტი.
ასევე, ჟურნალისტებმა ტრამპს შეახსენეს, რომ ის პრესკონფერენციების ჩატარების ნორმებს აბუჩად იგდებს.
„თქვენ მართალი ბრძანდებით, კონსტიტუცია პრესკონფერენციების ჩატარებას არ გავალდებულებთ, თუმცა, თუ თქვენ პრესასთან ასეთ ურთიერთობებს გადაწყვეტთ, მაშინ ჩვენც გარკვეულ საპასუხო ნაბიჯებს გადავდგამთ“, – წერს კაილ პოუპი.
ჟურნალისტმა შეახსენა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, რომ მაყურებლისთვის და მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდების წესს სწორედ მედიის მუშაკები წყვეტენ და არა ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე, რეპორტიორები ღია წერილში წერენ, რომ თუ ტრამპი პრესასთან ურთიერთობაზე უარს იტყვის, მას ინფორმაციის მოპოვების მრავალი ალტერნატიული წყარო აქვს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები