სოფელ კვირიკეში სტიქიით დაზარალებულ 12 ოჯახს ბინები გადეცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე  სოფელ კვირიკეში, 2012 წელს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა და მათთან ერთად ახლადაშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი დაათვალიერა.
საცხოვრებელი სახლი ,,2012 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარების მიზნობრივი პროგრამის” ფარგლებში აშენდა. მოეწყო კომუნიკაციები, ჩაისვა კარ-ფანჯარა, უახლოეს პერიოდში, მოწესრიგდება მისასვლელი გზა და ეზო.  მრავალბინიან სახლში  ბინები 12 ოჯახს გადაეცა.
,,დღეს ჩვენ ვართ ქობულეთის რაიონში, სოფელ კვირიკეში. აქ აშენდა ახალი სოციალური სახლი. სტიქიით დაზარალებულ 12 ოჯახს გადაეცემა ბინები. მოხარულები ვართ, რომ დღეს, ნათლისღებას, მუნიციპალიტეტთან ერთად, ოფიციალურად გადავეცით ამ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები. მომავალშიც გრძელდება მნიშვნელოვანი პროექტები. ადამინების უფლებების დაცვა, ხალხზე ზრუნვა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეებზე, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებზე, ეკომიგრანტებზე. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში ვახორციელებთ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებს”, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური პროგრამის მიზანი სტიქიით დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაცია და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება იყო. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში  1 211 570 ლარი დაიხარჯა. ამავე პროგრამით მიწისძვრით დაზარალებული 134 საცხოვრებელი და 11 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აღდგენა-რეაბილიტაცია მოხდა, ხოლო 14 ოჯახზე, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა,  კომპენსაციები გაიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები