სენეგალმა გამბიაში შეიარაღებული ძალები შეიყვანა
სენეგალმა შეიარაღებული ძალები გამბიის ტერიტორიაზე შეიყვანა. სააგენტო “როიტერის“ ცნობით, სენეგალთან მოსაზღვრე ქალაქების მოსახლეობამ დაინახა, თუ როგორ შევიდა სამხედრო კოლონა ქვეყნის ტერიტორიაზე.
გამბიაში კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა, იჰია ჯამემ თანამდებობიდან გადადგომაზე უარი განაცხადა. ის ადგილობრივი დროით ღამის 3 საათზე უნდა გადამდგარიყო, როდესაც ჯამეს უფლებამოსილების ვადა ამოიწურა.
ხუთშაბათს გამბიის არჩეული პრეზიდენტის, ადამ ბეროუს ინაუგურაცია უნდა გამართულიყო, რომელმაც დეკემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
ჯამეს უფლებამოსილების ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე, მას მავრიტანიის პრეზიდენტი მუჰამედ აბდელ აზიზი შეხვდა. მასთან შეხვედრის შემდეგ, მავრიტანიის პრეზიდენტმა სენეგალის ლიდერთან, მაკი სალომთან გამართა შეხვედრა.
მანამდე, სენეგალის და ნიგერიის მთავრობებმა განაცხადეს, რომ თუ ჯამე თანამდებობიდან არ გადადგება, ეს ქვეყნები გამბიაში შეიარაღებულ ძალებს შეიყვანენ.
ამჟამად გამბიის არჩეული პრეზიდენტი ადამ ბეროუ სწორედ სენეგალში იმყოფება. გამბიაში შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლება სენეგალს დასავლეთ აფრიკის ეკონომიკურმა თანამეგობრობამ მისცა.