საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის მეფეს, ფელიპე VI-ს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას შეეხო, რომელიც მადრიდში ხვალ იხსნება. ყურადღება დაეთმო ტურიზმის ინდუსტრიას, როგორც უმნიშვნელოვანეს სოციალურ-ეკონომიკურ სექტორს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, შეხვედრისას საქართველოს მზარდ ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2016 წელს, ქვეყანას 6,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ხოლო ტურიზმისგან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
შეხვედრას, რომელიც “ელ პარდოს” სასახლეში გაიმართა, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი დაესწრო.
შეხვედრის შემდეგ, სამეფო სასახლეში, 2017 წლის მდგრადი ტურიზმის განვითარების საერთაშორისო წლად გამოცხადებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა განცხადება გააკეთა, რომელშიც საქართველოს შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველო არის ბრენდი, რომელიც ულამაზესი ქვეყანასა და შესანიშნავ ხალხთან ასოცირდება. სტუმრებს სიტყვით მიმართა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-მ და წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები