საქართველოს პირველმა ლედიმ ბავშვთა პირველი ჰოსპისი გახსნა

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ თბილისში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გახსნა და დაწესებულება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად დაათვალიერა.
ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობა, რომელიც 2015 წელს დაიწყო, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 210 000 ლარით დაფინანსდა. ჰოსპისი ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” ინიციატივით და “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” მხარდაჭერით აშენდა.
„ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, რომ საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისი გაიხსნა და ისიც, რომ – ბიზნესსექტორი, სახელმწიფო და ინდივიდუალური დონორები გაერთიანდნენ და ერთსულოვნად მიიღეს ასეთ საქველმოქმედო და ღირსეულ საქმეში მონაწილეობა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა იმისთვის, რომ ეს ცენტრი გაკეთებულიყო. ამ ცენტრს თავისი სტანდარტები აქვს და ის სრულად უნდა იყოს ადაპტირებული და მორგებული თითოეულ პაციენტზე. ცენტრი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისადაა აღჭურვილი, ისე როგორც მე ვნახე უცხოეთში ვიზიტებისას. მოგიწოდებთ ყველას, რომ ასე გავაგრძელოთ, ეს ძალიან სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ბავშვებს”, – აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.
ბავშვთა პირველი ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა” ოჯახური ტიპის პალიატიური მზრუნველობის დაწესებულებაა, სადაც ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს უფასოდ ემსახურებიან.
მაკა ჩიჩუამ ბავშვთა პირველი ჰოსპისი ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” დირექტორთან ქეთევან ხუციშვილთან და “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” დირექტორთან ერეკლე გამყრელიძესთან ერთად გახსნა.
 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები