“თი ბი სი ბანკს” რისკების მართვის ახალი დირექტორი ჰყავს

დავით ჭყონია, რომლსაც საბანკო საქმესა და რისკების მართვაში 15-წლიანი გამოცდილება აქვს, “თი ბი სი ბანკის” რისკების მართვის დირექტორის და გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს დღეიდან დაიკავებს.
“თი ბი სი ბანკის” გუნდში შემოერთებამდე, დავით ჭყონია კომპანია „BlackRock”-ის („BlackRock Solutions Group”)დირექტორის პოსტს იკავებდა, სადაც ის კონსულტაციას უწევდა ფინანსურ ინსტიტუტებსა და მარეგულირებლებს საწარმო რისკებთან, საბალანსო უწყისის სტრატეგიასთან და რეგულაციებთან დაკავშირებულ საკითხებში.
დავით ჭყონია “PIMCO”-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტის პოსტსაც იკავებდა და კომპანიას კონსულტაციებს უწევდა რისკებთან დაკავშირებულ საკითხებში, განსაკუთრებით კი, ევროპის საკრედიტო და კაპიტალის ბაზრებზე შესრულებულ ტრანზაქციებში.
უფრო ადრე, დავით ჭყონია სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა ისეთ საერთაშორისოდ აღიარებულ ორგანიზაციებსა და კომპანიებში, როგორებიცაა: “European Resolution Capital”, “Goldman Sachs” და “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი”.
დავით ჭყონია ფლობს სან-ხოსეს უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს და პენსილვანიის უნივერსიტეტის უარტონის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს.
„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ დავით ჭყონია “თი ბი სი ბანკის” დირექტორთა საბჭოს შემოუერთდა, რისკების მართვის დირექტორის პოზიციაზე. მას მდიდარი გამოცდილება აქვს ფინანსური სერვისებისა და რისკების მართვის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ დავითი დიდ წვლილს შეიტანს ბანკის შემდგომ ზრდასა და განვითარებაში”, – განაცხადა “თი ბი სი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
დავით ჭყონიამ “თი ბი სი ბანკის” რისკების მართვის დირექტორის პოსტზე გოგა თხელიძე ჩაანაცვლა, რომელიც “თი ბი სი ბანკის” კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის მართვის ხელმძღვანელად დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები