ალექსანდრე ჯეჯელავა: გულდასაწყვეტია, რომ ბევრ სკოლაში საპირფარეშო მისახედია და კარი არ აქვს

„გულდასაწყვეტია, რომ ბევრ სკოლაში, აუთვისებელი ბიუჯეტის პირობებში, საპირფარეშო მისახედია და კარი არ აქვს“, – ამის შესახებ საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება ყველა შემთხვევაში, სადაც შესაძლებელი იყო სველი წერტილის მოწესრიგება და ეს არ მოხდა. მინისტრის განცხადებით, მან აღნიშნული საკითხი გუშინ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენა.
”ამ ეტაპზე, საუბარია, რომ ყველა მიმართულებით შევუტიოთ ჰიგიენის საკითხს. მათ შორის, დირექტორებს ჩვენ ვთხოვეთ, რომ რა დონეზეც შესაძლებელია მათთან არსებული ინფრასტრუქტურით მოწესრიგება, სისუფთავე იყოს. ეს ჩვენი დავალებაც არის, თხოვნაც და მოთხოვნაც. ამას გარდა, ვმუშაობთ, რომ პრაქტიკულად ყველა სკოლაში, პირველ რიგში, ამ საკითხს მივხედოთ, რადგან გასაგებია, რომ ძალიან კარგია სააქტო დარბაზი და ცეკვის სცენა, მაგრამ თუ ჩვენი ბავშვებისთვის ელემენტარული პირობები ვერ უზრუნველვყავით, უბრალოდ, აზრი არ აქვს. დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება, ყველა შემთხვევაში, სადაც შესაძლებელი იყო სველი წერტილის მოწესრიგება და ეს არ მოხდა. ჩვენ დირექტორებს ვუთხარით, რომ ჩვენი მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა იქნება, მათ შორის, ბიუჯეტის კუთხით. ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ ბევრგან აუთვისებელი ბიუჯეტი გვაქვს და საპირფარეშო არ არის მოწესრიგებული, კარი არ აქვს საპირფარეშოს. აბსოლუტურად ელემენტარულ საკითხებზე ვსაუბრობთ, ეს არის დაუშვებელი. მგონი, ეს უფრო უყურადღებობის ამბავია. ეს ისეთი საკითხია, ბავშვი რომ ვერ შედის, ან არ შედის საპირფარეშოში, ამაზე ცუდი რა შეიძლება, რომ გავაკეთოთ, ძნელი წარმოსადგენია. ამიტომ აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ, რადაც უნდა დაგვიჯდეს ეს საკითხი”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები