განათლების მინისტრი მოსწავლეებს “აიფონების” ნაცვლად სპორტულ აქტივობებს სთავაზობს

„ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, ჩვენი შვილები “აიფონებსა” და “აიპადებში” არიან ჩამძვრალები, ეზოში ჩასვლაც არ უნდათ და ვაპირებთ, რომ ბავშვების ჩართულობა ჯანსაღი ცხოვრების წესში ყოველწლიურად გაიზარდოს“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თბილისში, 103-ე საჯარო სკოლის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციით, მთავრობა გეგმავს სკოლის გარეთაც ბავშვებს შეუქმნას მოტივი, აქტიურად ჩაერთონ სპორტის სხვადასხვა სახეობაში. “რაღაც პერიოდში სპორტულ აქტივობებს შედარებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ტექნოლოგიების განვითარების ფონზე ჩვენი შვილები “აიფონებსა” და “აიპადებში” არიან ჩამძვრალები, ეზოში ჩასვლაც არ უნდათ და ხშირ შემთხვევაში, ფიზიკურ აქტივობას მოკლებული არიან. ჩვენ ვაპირებთ სკოლის ბაზაზე არა მარტო ფიზკულტურის გაკვეთილით, არამედ მის გარეთაც შევქმნათ მოტივი ყველა ბავშვისთვის, რომ იყოს აქტიურად ჩართული სპორტში. ვაპირებთ, რომ ბავშვების ჩართულობა ჯანსაღი ცხოვრების წესში ყოველწლიურად გაიზარდოს. დარწმუნებულები ვართ, ბავშვებს უნდათ ამ მიმართულებით განვითარება, რისთვისაც დროც და ხალისიც ექნებათ”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მთავრობა სკოლის მოსწავლეებისთვის ფიზიკური აქტივობის განსაკუთრებულ პროგრამას შეიმუშავებს. აღნიშნული ინიციატივა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 103–ე საჯარო სკოლის ახალი შენობის გახსნისას დააანონსა. მთავრობის მეთაურის თქმით, პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობას მიიღებენ განათლებისა და სპორტის სამინისტროები, ასევე სპორტის სხვადასხვა სახეობების ფედერაციები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები