პეკინის N23ა-ში მდებარე გაუქმებულ საბავშვო ბაგა-ბაღს გამაგრებით-სარეკონსტრუქციო სამუშაოები უტარდება

საბურთალოს რაიონში, პეკინის N23ა-ში მდებარე გაუქმებულ საბავშვო ბაგა-ბაღს გამაგრებით-სარეკონსტრუქციო სამუშაოები უტარდება.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაათვალიერა.
ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ხორციელდება შენობის ავარიული ნაწილის გამაგრება, ასევე, მთლიანი ბაღის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები. სამუშაოების ღირებულება 1 318 000 ლარს შეადგენს.
საბავშვო ბაღის გამაგრება-რეკონსტრუქცია-რემონტი 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მოეწყობა შენობის შიდა სივრცე და ეზო. ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის მოდერნიზაციის სამუშაოები მნიშვნელოვანია, ვინაიდან კეთდება პრაქტიკულად ახალი საბავშვო ბაღი. სამუშაოების თითქმის ნახევარი უკვე დასრულებულია და ამინდების შესაბამისად, ინტენსიურად მუშაობს მშენებელი კომპანია. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გაზაფხულზე დასრულდება საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომლის შემდეგაც მისი აღჭურვა, პერსონალის დაკომპლექტება და სექტემბრიდან ბაღი ჩვეულებრივ რეჟიმში მიიღებს აღსაზრდელებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში აღსაზრდელთა ცხრა ჯგუფი გაიხსნება, რომელთა შორის, ორი ბაგის ჯგუფი იქნება.

პეკინის 23(ა)-ში მდებარე ყოფილი ბაგა-ბაღის ადგილზე შპს „ელზურო“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავდა, თუმცა მოსახლეობის მოთხოვნით, ტერიტორია, შენობა-ნაგებობასთან ერთად, თბილისის მერიას გადაეცა.
თბილისის მთავრობამ გადაწყვეტილება მოქალაქეებისა და კერძო კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო. გადაწყდა, რომ შპს „ელზუროს“ პეკინის N23ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, საკუთრებაში გორგასლის N63-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადაეცემა.
საბურთალოს რაიონში საბავშვო ბაღზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, ახალი ბაღის ასაშენებლად კი ტერიტორიის მოძიება საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნული ბაღის აღდგენით საბურთალოს რაიონში თავისუფალი ადგილების დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდება, რადგან ბაღი სკოლამდელი განათლებით 350-მდე ბავშვის უზრუნველყოფას შეძლებს.

საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს დღეს თბილისის მერთან ერთად თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები