“ამბროლაურის აეროპორტი იქნება რაჭის გაცოცხლებისა და მეტი ენერგიის შეძენისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი”

“ამბროლაურის აეროპორტი იქნება რაჭის გაცოცხლებისა და მეტი ენერგიის შეძენისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ ამბროლაურში განაცხადა, სადაც აეროპორტი გაიხსნა. „მსგავსი, შეიძლება მცირე, მაგრამ ეფექტური პროექტებით ჩვენ ვზრდით რეგიონების მოსახლეობის ჩართულობას, რეგიონულ-გეოგრაფიულ ჭრილში ვაკეთებთ ეკონომიკის განვითარების დივერსიფიცირებას და დარწმუნებული ვართ, ამას ექნება სერიოზული შედეგები“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ. მისივე განმარტებით, აღნიშნულ აეროპორტში ჩაიდო ძალიან დიდი ადამიანური რესურსი, ტერმინალის მშენებლობა დაიწყო ოქტომბრის ბოლოს და დღეს, 14 იანვარს, ტერმინალი გაეშვა. „ხვალიდან ამ აეროპორტში დაიწყება ფრენები კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და კვირას. ბილეთის ღირებულება 50 ლარი იქნება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს პროექტი არის რეგიონის გაცოცხლებისა და უფრო მეტი ენერგიის შეძენისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. „ყველას კარგად გვესმის, რომ აქ არის ძალიან სერიოზული ტურისტული პოტენციალი და ასევე ბიზნესპოტენციალიც – დღეს ვიყავით მიკრომეწარმის ოჯახში, რომელმაც სახელმწიფოს დახმარებით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, დაიწყო განთქმული ხვანჭკარის ჩამოსხმა და უკვე ფიქრობენ ექსპორტზე გატანაზეც. რა თქმა უნდა, აეროპორტი და ეს ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად ზრდის მოქალაქეების მობილობას, რომელიც ეკონომიკის სწრაფი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასეთი პროექტები გაგრძელდება. ეს ყველაფერი კეთდება ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ სწორედ სწრაფი ეკონომიკური ზრდა“, – აღნიშნა მინისტრმა. გიორგი გახარია დღეს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად ამბროლაურის აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ამბროლაურის ახალი აეროპორტი, პირველ ეტაპზე, მცირე ზომის – 15-20-ადგილიან საჰაერო ხომალდებს მოემსახურება, ხოლო პერსპექტივაში გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღებისა და ტერმინალის გაფართოებაც. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1 100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ.-ია და დაახლოებით, 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები