თბილისში გოგონამ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა – “სასტუმროში შემოვარდა, მამაკაცს ეძებდა”

სუიციდის მცდელობის ფაქტი თბილისში. „კვირასთვის“ ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა გოგონამ სასტუმრო „ევროპაში“ თავზე ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.
„ღამის საათები იყო, დაახლოებით 11 საათი. შემოვარდა სასტუმროში ახალგაზრდა გოგონა და მამაკაცს ეძებდა. ვფიქრობთ, რომ სასტუმრო შეეშალა. ვერ იპოვა ის მამაკაცი, რომელსაც ეძებდა. აფექტურ მდგომარეობაში იყო, განერვიულებული. მოულოდნელად, თავზე ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. სასწრაფოში დავრეკეთ და საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას სასტუმროს ადმინისტრატორი ანა.
„კვირა“ სასტუმროს დირექტორს, ლევან კობახიძესაც გაესაუბრა.
„აქ აღარ დარეკოთ. ყველა ინფორმაცია პოლიციას აქვს და აქედან ვერანაირ ინფორმაციას ვერ წაიღებთ. ის გოგონა კი პირველად ვნახე. მიმართეთ პოლიციას“, – გვითხრა ლევან კობახიძემ.
შემთხვევა დაახლოებით ორი დღის წინ მოხდა.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ახალგაზრდა გოგონა დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტს კლინიკაში შემოსვლისას 3 (ა) -3 (ბ) ხარისხის დამწვრობა აღენიშნებოდა. „ახალგაზრდა გოგონას დამწვარი ჰქონდა სახე, თავი, წინა მხარის გულ-მკერდი და ზედა კიდურების მტევნები. იგი სტაციონარში მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს. პაციენტს ვამზადებთ ქირურგიული ოპერაციისთვის, რათა მოხდეს ხელის მტევნებზე პლასტიკური ქირურგიის ჩატარება“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას გუგა ქაშიბაძე.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, „კვირა“ შს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები