ნიკა მელია: გიგა ბოკერიამ მოღალატეებად შერაცხა ის პირები, ვინც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, რაიმე სხვა გააკეთა გიგა ბოკერიამ?!

“პრაქტიკულად, ბოკერიამ მოღალატეებად შერაცხა ვაშაძეც და „გირჩებიც“, რომლებმაც დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა“. რაიმე სხვა გააკეთა დღეს გიგა ბოკერიამ?!“ – ამ კითხვით მიმართავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია გიგა ბოკერიას.
მელია ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სამწუხაროს უწოდებს. მისი შეფასებით, ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთა არასამთავრობო ტიპის გაერთიანებას უფრო დაემსგავსება, ვიდრე პოლიტიკური პარტიის რაიმე ნიშანწყალი ექნება.
„ბუნებაში არ მოიძებნება „ნაციონალური მოძრაობის“ 7000 წევრი, რომელიც მხარს დაუჭერს გიგა ბოკერიას და მისთვის სასურველი შედეგი არ დადგებოდა ყრილობაზე. აქედან გამომდინარე, მან დაახლოებით ერთი თვის წინ, გადაწყვიტა, რომ პარტია დაეტოვებინა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჯგუფი დატოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ახლა გვაქვს ინფორმაცია, რომ ხალხი ჩამოჰყავთ სამცხე-ჯავახეთიდან, ქუთაისიდან და სხვადასხვა რაიონიდან, რომ რაც შეიძლება ისე წარმოჩნდნენ, თითქოს ისინი ბევრი არიან. მე მათ ნაწილს ვუსურვებ წარმატებას იმ გზაზე, რომელსაც ისინი თავად ირჩევენ, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ეს იქნება გაერთიანება, რომელიც უფრო დაემსგავსება არასამთავრობო ტიპის გაერთიანებას, ვიდრე პოლიტიკური პარტიის რაიმე ნიშანწყალი ექნება. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, ვინაიდან ძალიან კარგად ვიცნობ ბოკერიას. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა უკანასკნელ პერიოდში. მათ შორის, მე მაქვს ბევრი ინფორმაცია, ბევრი კითხვის ნიშანი და ამდენი შემთხვევითობის უბრალოდ, არ მჯერა. ცხოვრებაში არის ვითარებები, როდესაც აგური რომ თავზე დაგეცეს, შემთხვევითობას ვერ აბრალებ და ამას სჭირდება ახსნა-განმარტება, რომელიც არც ერთ მათგანს უბრალოდ, არ მიუცია საზოგადოებისთვის. მე კითხვას ვუსვამ ბოკერიას: რატომ აკრიტიკებდა იმ ჯგუფს, რომელიც გავიდა „გირჩებში“ და მათ, ვინც შეუერთდა გიორგი ვაშაძეს? პრაქტიკულად, ბოკერიამ მოღალატეებად შერაცხა ვაშაძეც და „გირჩებიც“, რომლებმაც დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა“. რაიმე სხვა გააკეთა დღეს გიგა ბოკერიამ?!“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
”ნაციონალური მოძრაობის” ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთა დღეს 15:00 საათზე, პარტიის ცენტრალურ ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. სავარაუდოდ, სწორედ ისინი პარტიის დატოვების შესახებ განაცხადებენ. როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ანონსშია ნათქვამი, დღეს პარტიის ლიდერების ნაწილი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები