იან კელი ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტზე: მივესალმებით იმას, რომ მთავრობამ გამოძიება დაიწყო აღნიშნულ საქმეზე
აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორზე ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა და შეშფოთება გამოთქვა. როგორც იან კელიმ აღნიშნა, იგი მიესალმება, რომ მთავრობამ გამოძიება დაიწყო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.
„რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებულნი ვიყავით იმ ფაქტით, რომ ნიკა გვარამიას თავს დაესხნენ და ამავდროულად, მივესალმებით იმას, რომ მთავრობამ გამოძიება დაიწყო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ეს საქმე ძალიან შემაშფოთებელია და ჩვენ მას ვაკვირდებით“, – განაცხადა იან კელიმ.
აშშ-ის ელჩმა ასევე გააკეთა კომენტარი „რუსთავი-2“-ის საქმესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თავისუფალი მედია მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ნებისმიერი თავისუფალი საზოგადოების განვითარებისთვის.
„თავისუფალი მედია ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი თავისუფალი საზოგადოების განვითარებისთვის, რათა ყველა ხმას, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს წვდომა ჰქონდეს მედიაზე და ტელევიზია მედიის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა. ჩვენ ამ საქმეს ვაკვირდებით“, – დასძინა აშშ-ის ელჩმა.