პრეზიდენტის სასახლეში ისრაელის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის რუვენ რივლინისა და პირველი ლედის ნეჩამა რივლინის ორდღიანი, ოფიციალური ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრის მიერ საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფო ჰიმნების შესრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა და რუვენ რივლინმა საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი. ნეჩამა რივლინს საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ უმასპინძლა.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ისრაელის სახელმწიფოს ხელისუფლების წევრები.
ცერემონიის დასრულებისთანავე ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან, რის შემდეგაც შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში შედგება. შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იგეგმება რუვენ რივლინის შეხვედრა პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.