ნიკა მელია: გიგი უგულავა შემრიგებელი ადამიანი არ არის
“გიგი უგულავა შემრიგებელი ადამიანი არ არის. ის არის მხარე, გიგა ბოკერიას გუნდის წევრი“ – აცხადებს საპარალამენტო უმცირესობის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. ამასთანავე, ნიკა მელიას ფრაქციის სხდომის გადადების მიზეზებში ეჭვი ეპარება.
მისი თქმით, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა არის მხარე და არა შემრიგებელი.
„ძალიან ბევრი უცნაური დამთხვევაა. ეჭვი მეპარება იმაში, რის საფუძველზეც ეს სხდომა გადაიდო. გიგი უგულავა შემრიგებელი ადამიანი არ არის. ის არის მხარე, გიგა ბოკერიას გუნდის წევრი“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
უმცირესობის კიდევ ერთი წევრის სერგო რატიანის განცხადებით, ის პარტიის დაშლის სცენარს ხედავს.
„ჩვენ ბინძურ კამპანიას ვხედავთ, რომელიც ერთი ჯგუფისკენ არის მიმართული. ეს კამპანია თვეების განმავლობაში გრძელდება. ესენი არ მოერიდნენ იმას, რომ ადამიანი ციხიდან გამოვიდა და რამდენიმე დღე მოითხოვა. მიუხედავად ამისა, იმ დღიდანვე მის მიმართ ბინძური კამპანია დაიწყო. ისინი არ მოერიდნენ იმას, რომ ნაბიჯები გადადგმული იყო. გუშინ შეხვედრაც იყო და შეთანხმებაც. ამის მიუხედავად, ამ სრულიად ბინძურ სცენარს ჩვენ ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ, გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ პარტია დაიშალოს“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ნიკა მელია, აკაკი ბობოხიძე და სერგო რატიანი დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ დღეს დანიშნული ფრაქციის სხდომის გადადებას მოჰყვა. ნიკა მელიამ, რომელიც სხდომაზე დასასწრებად მივიდა, განაცხადა, რომ ფრაქციის სხდომისა და სასამართლო სხდომის, როგორც ჩანიშვნა ასევე, გადადება საეჭვოდ დაემთხვა.
დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას თხოვნით გადაიდო, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელათ.