„ჯერ ისევ გაურკვეველია, რა პოლიტიკას გაატარებს ახალი ადმინისტრაცია საქართველოს მსგავსი ქვეყნების მიმართ“
სენატორ მაკკეინის, სენატორ გრემისა და სენატორ კლობუჩარის საქართველოში სტუმრობა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. ვიზიტს წინასწარ განზრახული ამოცანები ჰქონდა – ამის შესახებ ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა განაცხადა.
მისი თქმით, სენატორები შეეცადნენ, დაეგზავნათ მკაფიო შეტყობინებები.
„სენატორ მაკკეინის, სენატორ გრემისა და სენატორ კლობუჩარის საქართველოში სტუმრობა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. ვიზიტს წინასწარ განზრახული ამოცანები ჰქონდა. სენატორები შეეცადნენ, დაეგზავნათ მკაფიო შეტყობინებები. მათ იმოგზაურეს ბალტიისპირეთში, შემდეგ უკრაინასა და საქართველოში, რათა მოკავშირეები და პარტნიორები – და სენატორმა მაკკეინმა თქვა, რომ ის საქართველოში მოკავშირეს ხედავს – ამ ქვეყნების მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერაში დაერწმუნებინათ. ამავე დროს, სენატორების გზავნილები ვაშინგტონისა და მოსკოვისთვისაც იყო განკუთვნილი. მოსკოვის გასაგონად ითქვა, რომ იმის მიუხედავად, თუ რა ისმის ხელისუფლების გადაბარების ფონზე, ან პირადად არჩეული პრეზიდენტისაგან, აშშ-ის კონგრესი და სენატი გააგრძელებენ მოკავშირეთა ძლიერ მხარდაჭერას, ეჭვითა და შეშფოთებით შეხედავენ რუსეთის ქმედებებს და იმოქმედებენ უფლებამოსილების ფარგლებში, რათა აშშ წინ აღუდგეს პუტინის ავანტურიზმს და მხარი დაუჭიროს სანქციებს. ვაშინგტონისათვის განკუთვნილი გზავნილი იყო ის, რომ სენატს ჩამოყალიბებული მოსაზრებები აქვს რუსეთის შესახებ, რომ ამ მოსაზრებებს ვერავინ წაუყრუებს და ყველა იმოქმედებს შესაბამისად. ვფიქრობ, გაურკვევლობაში, რაც ტრანზიციას ახლავს, სენატორ მაკკეინს, სენატორ გრემსა და სენატორ კლობუჩარს სურდათ, ორპარტიული სიცხადე შეეტანათ იმ საკითხში, რომ ჩვენ ვიცით, რას აკეთებს რუსეთი, გვსურს, უკეთ ავუხსნათ საკითხი ამერიკელ ხალხს და ამავე დროს, მხარში დავუდგეთ ამერიკის მოკავშირეებსა და პარტნიორებს რეგიონში“, – განაცხადა დეიმონ უილსონმა.
აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი თვლის, რომ ჯერ ისევ გაურკვეველია, რა პოლიტიკას გაატარებს ახალი ადმინისტრაცია საქართველოს მსგავსი ქვეყნების მიმართ.
„ვფიქრობ, ჯერ ისევ გაურკვეველია, რა პოლიტიკას გაატარებს ახალი ადმინისტრაცია საქართველოს მსგავსი ქვეყნების მიმართ. პოლიტიკის შესამუშავებლად ბევრი სამუშაოა გასაწევი. სენატი და სენატორები ამბობენ, რომ მათთვის ყველაფერი ცხადია, რომ აქვთ სტრატეგია და აპირებენ სენატის, როგორც საკანონმდებლო ორგანოს, უფლებამოსილების გამოყენებას, რათა დაეხმარონ ადმინისტრაციას ისეთი პოლიტიკის შემუშავებაში, რომელიც რუსეთს აშშ-ის ინტერესების მოწინააღმდეგედ წარმოაჩენს, შეზღუდავს ადმინისტრაციის ნაბიჯებს, რომელიც მან შესაძლოა მოსკოვთან მიმართებაში გადადგას და მკაფიოდ იტყვის, რომ ჩვენი ურთიერთობები ნატოელ მოკავშირეებსა და ბალტიის ქვეყნებთან ხელშეუვალია და რომ აშშ-ის სენატი მხარს უჭერს საქართველოს, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“,- განაცხადა დეიმონ უილსონმა.