გამოვიდა ჟურნალ „აფრის“ 23-ე ნომერი, რომელიც თანამედროვე ლიტვურ ლიტერატურას ეძღვნება

გამოვიდა კავკასიური სახლის ჟურნალ ,,აფრის“ ახალი ნომერი, რომელიც მთლიანად ლიტვურ ლიტერატურას ეძღვნება. ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე ნანა დევიძე წერს, რომელიც ლიტვური ლიტერატურის ცნობილი მთარგმნელია.
„ძვირფასო მეგობრებო, გამოვიდა ჟურნალ „აფრის“ 23-ე ნომერი, რომელიც მთლიანად თანამედროვე ლიტვურ ლიტერატურას ეძღვნება. უღრმესი მადლობა 45 ლიტველ ავტორსა და 36 ქართველ მწერალს, რომლებიც მხარში ამოგვიდგნენ, რათა განხორციელებულიყო ჩვენი დიდი ხნის ოცნება. ჟურნალის ეს ნომერი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპია. 2017 წელი დიდი სიხარულით დაიწყო. გისურვებთ ყველას სანუკვარი ოცნებების ახდენასა და ამდაგვარ სიხარულს ყოველ ახალ წელს!“ – აღნიშნავს ნანა დევიძე.
ჟურნალში დაბეჭდილია ლიტველი პოეტების: ვლადას ბრაზიუნასის, ეუგებიუს ალეშანკას, კორნელიუს პლატიალისის და ლიუტაურას დეგესის ლექსების თარგმანები, ნანა დევიძისა და ლიდია გიორგობიანის ბწკარედების მიხედვით. „აფრის“ ამ ნომრის დიზაინი მხატვარ კოტე სულაბერიძეს ეკუთვნის.
ცნობისათვის: სალიტერატურო, რელიგიურ-ფილოსოფიური და საზოგადოებრივი ჟურნალი ,,აფრა“ დაარსდა 1997 წელს ,,კავკასიურ სახლში“ . ჟურნალის ძირითადი დამფინანსებელია ევროპული ფონდი Horizon.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები