ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის გამოფენა გაიხსნება

10 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის დაბადებიდან 125 წლისთავისა და გარდაცვალებიდან 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის საქართველოში დაცული ნამუშევრები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან (შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა); გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმიდან; საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ფონდებიდან და კერძო კოლექციებიდან.
გამოფენა ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მხარდაჭერით.

ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვი XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენელია. ეთნიკურად სომეხმა, თბილისის ძირძველმა მკვიდრმა, მთელი ცხოვრება საქართველოში გაატარა და მტკიცე საფუძველი შეუქმნა ახალი და უახლესი ქართული ფერწერის განვითარებას.
გამოფენა 2017 წლის 24 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები