ახალი წელი თბილისში – დედაენის ბაღი საახალწლო ქალაქად გადაიქცევა

საახალწლო ღონისძიებები თბილისში 25 დეკემბრიდან დაიწყო და 2 იანვრამდე გაგრძელდება.  დედაენის ბაღი 9 დღით საახალწლო ქალაქად გადაიქცევა. ამ ინფორმაციას კულტურის საქალაქო სამსახური ავრცელებს.
ქალაქის სტუმრებს, საშუალება ექნებათ, საგანგებოდ მოწყობილ და მორთულ სახლებში, დააგემოვნონ საახალწლო ნუგბარი; შეიძინონ სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები და ხელნაკეთი ნივთები. პარკი საახალწლო დეკორაციით გაფორმდება. ჯადოსნურ ქალაქში განთავსდება დეკორატიული სათამაშოები, ყვავილების ხეივანი და მექანიკური თოჯინები.
საახალწლო ქალაქში, ყოველდღიურად, სხვადასხვა ჟანრის კონცერტები გაიმართება.
25 დეკემბერს ჯადოსნური ქალაქი ვახტანგ კახიძის კონცერტმა გახსნა. თბილისის თანამედროვე საბალეტო დასი საახალწლო წარმოდგენას გამართავს;  ჩატარდება ჰიპ ჰოპ ლაივ კონცერტი;  ქალაქის სტუმრებისთვის საგანგებო პროგრამას ამზადებს ჯგუფი SALIO;  ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს რადიო „კუბრიკი“ და Live@twilight უმასპინძლებს;
პროექტის ფარგლებში, საახალწლო ქალაქში უწყვეტ რეჟიმში იმაუწყებლებს რადიო „კუბრიკი“, რომელიც დღესდღეობით ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში. საღამოობით საახალწლო ქალაქის სტუმრებისთვის ქართველი DJ-ები დაუკრავენ.
დედაენის ბაღში მოეწყობა არტსივრცე, რომელსაც გალერეა „არტარეა“ წარმოადგენს. არტსივრცეში სხვადასხვა ინსტალაცია განთავსდება.
ლია ბაგრატიონი – თიხის ხე; Dreams By Chubika;  გიორგი მაღრაძე – In-light Chairs;  გიორგი მაჩაიძე – Difference Engine.
კულტურული ღონისძიების გარდა, საახალწლო ქალაქი დატვირთული იქნება სპორტული და საბავშვო აქტივობებით. დედაენის ბაღში მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, საახალწლო ქალაქის პრიორიტეტი ექსტრემალური სპორტი იქნება.
#ახალ ტფილისში საახალწლოდ დამონტაჟდება დეკორატიული მატარებელი, რომლის მემანქანეც სანტა კლაუსი იქნება. მატარებლის თითოეულ ვაგონს საახალწლო საჩუქრის ფორმა ექნება, შიგნით კი საახალწლო ბაზრობის დახლები მოეწყობა.
განახლებული აღმაშენებლის ერთ-ერთ ეზოში მამუკა ჯაფარიძის ინსტალაცია და თეატრალური ღონისძიება გაიმართება, ჰაერბურთები განათდება ვიდეოპროექციით. მოეწყობა არტისტების ნამუშევრების მარკეტი. გიორგი ქათამაძის ჩრდილების თეატრი კი რამდენიმე პერფორმანსს გამართავს. ქუჩაზე მთელი დღის განმავლობაში საახალწლო სიმღერები გაჟღერდება. მოეწყობა საგანგებო სივრცე საფეხმავლო ქუჩის მცირეწლოვანი სტუმრებისთვისაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები