25 წელი საბჭოთა კავშირის დაშლიდან და „ცივი ომის“ ახალი რეალიები

25 წლის წინ საბჭოთა კავშირი დაიშალა, მანამდე 1989 წლის დეკემბერში მალტის სამიტზე იყო ჯორჯ ბუში უფროსისა და მიხაილ გორბაჩოვის ერთობლივი განცხადება „ცივი ომის“ დასრულების შესახებ. ეს შეერთებული შტატების მიერ შეფასდა როგორც საბჭოთა კავშირთან, კერძოდ კი რუსეთთან ურთიერთობის ახალი ერის დასაწყისი. თუმცა გორბაჩოვმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ მან დაუშვა „ხელისუფლების პარალიზების“ მიუტევებელი შეცდომა. რუსეთმა საბჭოეთის დაშლისთანავე დაიწყო ახალი კავშირის შეკვრა თავის გარშემო, და 1991 წლის 8 დეკემბერს ბრესტთან (ბელორუსია) ერთმანეთს შეხვდნენ ახალარჩეული რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი და ბელორუსიის იმჟამინდელი პრეზიდენტი სტანისლავ შუშკევიჩი.
მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნას. ეს ფაქტი კი შეფასდა როგორც საბჭოეთის აღდგენის მცდელობა. ეს იდეა დღემდე არსებობს და აქტუალურადაც განიხილება რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ.
საბჭოეთის, ან მსგავსი გაერთიანების შექმნის იდეას კიდევ უფრო მეტი დატვირთვა მისცა პუტინმა თავისი ხელისუფლების მოსვლის პირველსავე დღეებიდან, როცა მან საბჭოეთის დაშლას დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა უწოდა (გავიხსენოთ „დემოკრატი“ გორბაჩოვის ზემოთ მოხსენიებული განცხადება, დაახლოებით იგივე კონტექსტია). მანამდე კი დასავლეთი და რუსი ოლიგარქები პეტერბურგელ, სობჩაკის გუნდელ, „ლიბერალ“ პუტინზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, როგორც მმართველზე, რომელიც მუდმივად იქნებოდა მათი გავლენის ქვეშ. ელცინთან დაახლოებულმა რუსმა ოლიგარქებმა დიდი დახმარება გაუწიეს პუტინს ქვეყნის სათავეში მოსასვლელად. ის ჯერ ხდება პრემიერ – მინისტრი და იწყებს მეორე ომს, „წესრიგის დამყარებას“ ჩეჩნეთში, რომელსაც წინ უძღოდა მოსკოვში კორპუსების აფეთქება. კავკასიის „წარმატებებმა“ მას უკვე შეუქმნა დადებით იმიჯი, და უკვე 1999 წლის დეკემბრის ბოლოს თანამდებობიდან გადადგა ელცინი, პრეზიდენტი ხდება პუტინი და იწყება ახალი ერა რუსეთის ცხოვრებაში. პუტინმა მოსვლისთანავე დარტყმა მიაყენა რუს ოლიგარქებს, რომელთა შორის პირველი იყო ბერეზოვსკის კონკურენტი გუსინსკი და მისი მედია ჰოლდინგი.
ამას მოჰყვა შემდეგ ხოდორკოვსკი, და ბოლოს უკვე თავად ბერეზოვსკი, რომელსაც „ეგონა“, რომ მართავდა პუტინსა და მთლიანად კრემლს. რეალურად კი პუტინი პრიმაკოვისა და დუგინის იდეოლოგიის მიმდევრად შეიძლება ჩაითვალოს.
დღეს პუტინის საგარეო პოლიტიკას აქვს სამი ძირითადი ამოცანა. კერძოდ, პირველი ეს არის დაჩქარებული ტემპებით შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების გავლენის შემცირებით მოსკოვი გახდეს თანაბარი დონის მოთამაშე გლობალურ პოლიტიკაში, და ერთპოლარული წყობა შეცვალოს ენერგოსისტემის კლასიკური ბალანსით, სადაც რა თქმა უნდა, თავად იქნება ძირითადი მიმწოდებელი (სხვათა შორის, მიმდინარე წელს ევროპისათვის რუსეთიდან გაზის მიწოდებამ 33.5 პროცენტი შეადგინა, რაც არის ყველა დროის მაქსიმალური მაჩვენებელი. ხოლო პარალელურად, თურქეთს შეუმცირა) მეორე, გახდეს რეგიონის (აღმოსავლეთ ევროპა, კავკასია, შუა და ცენტრალური აზია) მთავარი ძალა, გააძლიეროს და უზრუნველყოს თავისი პრივილეგირებული გავლენის სფერო პოსტსაბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით ე. წ. „რუსულ სამყაროში“ (სადაც, სამწუხაროდ, და საუბედუროდ მოიაზრებს ასევე საქართველოს, თუმცა აქ მეტწილად მაინც საუბარია უკრაინაზე).
და მესამე, რუსეთისთვის იდეოლოგიურად არ არის არაფერი მიმზიდველი საბჭოთა პერიოდის კომუნიზმიდან, და ამიტომ 21-ე საუკუნეში მას თავისი როლი წარმოუდგენია, როგორც სოციალური კონსერვატიზმისა და ნაციონალიზმის გლობალური მფარველი (მე-19 საუკუნეში სლავურ და მართლმადიდებელ ხალხებზე ზრუნვის საბაბით აწარმოებდა საგარეო ომებს, თუმცა ეს იდეა დღემდე რაღაც დონეზე ისევ არსებობს), ამავდროულად, არის ლიბერალურ – დემოკრატიული რევოლუციების მოწინააღმდეგე (ალბათ როგორც თავის დროზე ნიკოლოზ I, რომელსაც ევროპული რევოლუციების მიმართ ფანატიკური შიში გააჩნდა, აქტიურად ებრძოდა რევოლუციებს, იცავდა დრომოჭმულ მონარქებს და „ევროპის ჟანდარმის“ მეტსახელიც მიიღო). მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკა და სამხედრო შესაძლებლობა საკმაოდ სუსტია სხვა ქვეყნებთან შედარებით, რუსეთმა მაინც შეძლო მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც თავისი საგარეო ინტერესების წარმატებით დაცვა.
როგორც ექსპერტებს მიაჩნიათ, ამის მიზეზი არის ის ფაქტი, რომ პუტინი კარგად იყენებს დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებების ე. წ. ვაკუუმს იმ ძირითად სფეროებში, სადაც ისინი იჩენენ მერყეობას ან იყენებენ არასაკმარის შესაძლებლობებს. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა დასავლეთის მსგავსი არაგამბედავი, არაფორმულირებული და ჩამოუყალიბებელი პოლიტიკა გამოიყენა სირიაში, სადაც დასავლეთი მისთვის მიღებული სამხედრო წესებით „ათამაშა“, შედეგი კი ცნობილია და ამიტომ არ გავჩერდები ამ თემაზე მეტს, მხოლოდ დავამატებდი, რომ პუტინი ასევე აქტიურად იყენებს ხელისუფლების ისეთ პოსტმოდერნისტულ ელემენტებს, როგორიც არის კიბერ – ტექნოლოგიები, პროპაგანდისტული და ინფორმაციული კამპანიები (თუ გინდათ „ინფორმაციული ომებიც“ დავარქვათ, რომელიც „ჰიბრიდული ომების“ განუყოფელ ნაწილად იქცა).
ამ ელემენტების გამოყენებით, რუსეთი ცდილობს ევროატლანტიკურ სივრცეში გაანეიტრალოს მათი მიერ წარმოებული პოლიტიკით გამოწვეული უარყოფითი რეაქციები. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის 25 წლის შემდეგ, პუტინმა შეძლო რუსეთი დაებრუნებინა საერთაშორისო ასპარეზზე ანგარიშგასაწევ ძალად და გაეხადა ის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ გლობალურ საკითხებში. მაგრამ აქ ისმის კითხვა, ამ მდგომარეობაში რუსეთი რამდენ ხანს გასტანს, როცა ქვეყანაში არის ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, კორუფციის მაღალი მაჩვენებელი, არ მოხდა რეგიონების და მთლიანად ქვეყნის განვითარება, ბიუჯეტი კვლავ დამოკიდებულია ნავთობის ფასზე. ხოლო პუტინის „წარმატებულმა“ საგარეო პოლიტიკამ ქვეყანას მოუტანა ეკონომიური სანქციები, ქვეყანაში მკვეთრად იკლო ინვესტიციებმა და შესაბამისად ახალი მოწინავე ტექნოლოგიების შემოტანამ, რაც რუსეთს ძალზედ სჭირდება ქვეყნის სხვადასხვა დარგების მოდერნიზაციისა და განვითარებისთვის.
ფაქტობრივად, ყოველივეს ალბათ დრო გვიჩვენებს, საგარეო პოლიტიკის გაძლიერების ხარჯზე შიდა განვითარებისა და მოდერნიზაციის შეფერხებისა და „ცივი ომის“ ახალი ერის დაწყების შემთხვევაში, რამდენად შეძლებს რუსეთი თავისი „ახალი მდგომარეობის“ შენარჩუნებას.

ვლადიმერ სვანაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები