საერთაშორისო მედია ორგანიზაციების შეფასებით, მსოფლიოს მასშტაბით ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ჟურნალისტია დაპატიმრებული, თურქეთია

საერთაშორისო მედია ორგანიზაციების შეფასებით, მსოფლიოს მასშტაბით ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ჟურნალისტია დაპატიმრებული, თურქეთია.
თურქეთში 148 ჟურნალისტი პატიმრობაშია, 170-მდე მედიასაშუალება დაიხურა, ათასობით მედიის მუშაკი და ჟურნალისტი უმუშევარია.
″თურქეთში ადრე ჟურნალისტებს კლავდნენ. ეს ხელისუფლება კი საერთოდ ჟურნალისტიკას კლავს″,- ეს სიტყვები, თურქეთის პრესის თავისუფლების შესახებ Human Rights Watch-ის (HRW) მიერ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ასახული.
საერთაშორისო ორგანიზაციების ″რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს″ (RSF) და ″ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის″ (CPJ) ინფორმაციით, 2016 წელს მსოფლიოს ქვეყნებს შორის პრესაზე ყველაზე მეტი ზეწოლა თურქეთში ხდებოდა. თურქეთში RSF-ს წარმომადგენლის ეროლ ონდეროღლუს თქმით, თურქეთი ორი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ მსოფლიოში ყველაზე დიდი ციხეა ჟურნალისტებისათვის.

საერთაშორისო ორგანიზაცია ″რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს″ 2016 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თურქეთი ორი საფეხურით ჩამოქვეითდა და 180 ქვეყანას შორის 151-ე ადგილზეა. მის წინ ტაჯიკეთი, უკან კი დემოკრატიული კონგოს რესპუბლიკაა.

15 ივლისის სისხლიანი გადატრიალების მცდელობის შემდეგ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში გამოცემული განკარგულებებით, სხვადასხვა სახეობის 170-მდე მედიასაშუალება – გაზეთი, ტელევიზია, რადიო, საინფორმაციო სააგენტო, ჟუნალი და გამომცემლობა დაიხურა. დახურვის მიზეზი, გადატრიალების მცდელობაში სავარაუდოდ ბრალდებულ გიულენის მოძრაობასთან სავარაუდო კავშირია. თუმცა, დახურულ მედიასაშუალებებს შორის ქურთების, ალავიტების და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი ძალიან ბევრი მედიასაშუალებაა.

ამ პერიოდში დაახლოებით 2 500-მდე მედიის მუშაკი და ჟურნალისტი უმუშევარი დარჩა, ასობით ჟურნალისტს პრესის ბარათები გაუუქმდა, გაურკვეველი რაოდენობით ჟურნალისტს პასპორტი გაუუქმდა და პრაქტიკულად საზღვარგარეთ მოგზაურობა აეკრძალათ, ათობით ჟურნალისტს ქონება ჩამოართვეს. ″თურქეთის ჟურნალისტთა კავშირის″ (TGC) მონაცემების მიხედვით, 2016 წლის პირველ ხუთ თვეში, ანუ 15 ივლისის გადატრიალების მცდელობამდე, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად 900-მდე ჟურნალისტი სამსახურიდან დაითხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები