გიგა ბოკერია სააკაშვილის მომხრეებზე: ეს ჯგუფი ნაბიჯ-ნაბიჯ ხლეჩს ამ პარტიას

“დღეს დიდ პრობლემას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ ის ნაწილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ყველა სიტყვას აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიიჩნევს”, – ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბოკერია სააკაშვილს ბინძურ კამპანიაში მონაწილეობაში ადანაშაულებს. ბოკერია მიიჩნევს, რომ პარტია გახლეჩის პირას დგას.
„პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით, დაიწყო ეს ძალიან ცუდი, ბინძური კამპანია. ეს ჯგუფი ნაბიჯ-ნაბიჯ ხლეჩს ამ პარტიას. ეს, პირველ რიგში, მდგომარეობს იმ ბინძურ კამპანიაში, ივანიშვილთან გარიგებასთან დაკავშირებით, რომელშიც, სამწუხაროდ, თვითონ მიხეილ სააკაშვილმა მიიღო მონაწილეობა. ეს კამპანია გაგრძელდება პარტიის ლეგიტიმური ორგანოების ბოიკოტირებით, ძალიან სამწუხარო რეალობაა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
როგორც ბოკერია აცხადებს, დავით ბაქრაძეს ჰქონდა გულწრფელი მცდელობა, რომ ეს არანორმალური ვითარება შეეცვალა.
„მძიმეა ეს ვითარება, ჩვენ ვხვდებით ჩვენს რიგით წევრებს და გავაგრძელებთ ამ შეხვედრებს. ვიმსჯელებთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ამ მძიმე ვითარებიდან გამოსვლისათვის, მაგრამ ვშიშობ, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენს ხელში არ არის ეს გასაღები, გასაღები არის ერთი ადამიანის ხელში, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, მის დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფი, რომელიც აი, ამ სიბინძურეს, ამ ტალახს ისვრის და ასე სამარცხვინოდ იქცევა”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები