ექსპერტები: საქართველო ტრამპის ზარს არ უნდა დაელოდოს

“ტრამპს შანსი უნდა მივცეთ და ვნახოთ, რა მოხდება. ამასობაში კი საქართველომ ვაშინგტონს საკუთარი თავი უნდა შეახსენოს”, – ამის შესახებ ახალი ამერიკის ფონდის მკვლევარი მაიკლ ჩეჩირე „ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს.
„ეს, ჩემი აზრით, ის საკითხია, რომელიც საქართველოს მთავრობამ თვითონ უნდა განავითაროს. ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია არ არის კარგად ინტეგრირებული ამერიკის საგარეო პოლიტიკის ისტებლიშმენტში და არ არის ბოლომდე გაცნობიერებული საგარეო პოლიტიკის ნორმებსა და ეტიკეტში”, – განაცხადა ექსპერტმა.
მან ასევე დასძინა, რომ “იმის გამო, რომ მომავალ ადმინისტრაციაში ბევრი ისეთი ადამიანი იქნება დასაქმებული, რომლებიც პოლიტიკისგან დღეს შორს დგანან, ისინი საქმის კეთებას პროცესში ისწავლიან.
”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია წერს, რომ ამერიკის მომავალ პრეზიდენტს ბევრი რთული ურთიერთობა ექნება სამართავი და ამასთან, არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოწვევისთვის მოუწევს თავის გართმევა. სწორედ ამიტომ ამბობს ჩეჩირე, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის,რათა ტრამპის გარდამავალ გუნდს თვითონ დაუკავშირდეს.
„საქართველოს აქ [ვაშინგტონში] საელჩო აქვს, ჰყავს ლობისტები, ჰყავს მეგობრები, რომლებსაც შეუძლია დაუკავშირდეს და ხელშეწყობა სთხოვოს. ანუ საქართველოს ამ კავშირის დასამყარებლად რესურსი აქვს,” – აცხადებს ჩეჩირე.
ჩეჩირეს მიაჩნია, რომ ეს ადვილი დავალება არ იქნება.
“კონტაქტი რომც შედგეს, არ არის გარანტია, რომ ის წარმატებული იქნება. მთავარი მაინც ის არის, თუ როგორ შეძლებს საქართველო ახალი ადმინისტრაციისთვის თავის წარდგენას და იმის ჩვენებას, რომ საქართველოს მსოფლიოს უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი შეაქვს და რომ ის ამერიკის მოკავშირეა“, – განაცხადა ჩეჩირემ.
ევროპის პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსი დონალდ ჯენსენი ამბობს, რომ გარდამავალი გუნდი ბოლომდე დაკომპლექტებული ჯერ არ არის და შესაბამისად, მომავალ ადმინისტრაციას პრიორიტეტები ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვს. ჩეჩირეს მსგავსად, მას მიაჩნია, რომ კონტაქტის ინიცირება საკუთარ თავზე საქართველომ უნდა აიღოს.
„მე რომ საქართველოს ადგილზე ვიყო, გარდამავალი გუნდისგან ზარს არ დაველოდებოდი. თუ თბილისს მიაჩნია, რომ რაღაც მნიშვნელოვანი აქვს სათქმელი მომავალი ადმინისტრაციისთვის, ინიციატივა თავად უნდა გამოიჩინოს, პროტოკოლის დაცვას ყურადღება არ უნდა მიაქციოს და კონტაქტზე თვითონ გავიდეს. არ მგონია, საქართველო ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტი იყოს. ამიტომ მათ დრო არ უნდა დაკარგონ და კონტაქტზე გავიდნენ“, – აღნიშნა ჯენსენმა.
ჯენსენი ამბობს, რომ სენატორების, ჯონ მაკკეინისა და ლინზი გრეემის რეგიონში ვიზიტი რამდენიმე დღეში მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ჯენსენმა ასევე განაცხადა, რომ ის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს, გასაკვირი არ არის, რადგან ამერიკის ყველა პრეზიდენტი, მმართველობის დასაწყისში, რუსეთთან ურთიერთობას სწორედ ამ ნაბიჯით იწყებს. თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ამ მხრივ, ზოგიერთი ფაქტორი მედიაში იმაზე მძიმედაა წარმოდგენილი, ვიდრე ეს სინამდვილეშია.
“ბევრი ქვეყანა გაურკვევლობაშია იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოიმოქმედებს ტრამპი. ამას არც მედიასაშუალებები ეხმარება. ვაშინგტონში ლიბერალური საგარეო პოლიტიკის ისტებლიშმენტი ყველაფერს, რასაც ტრამპი ამბობს, დიდ ყურადღებას აქცევს”, – განაცხადა ჯენსენმა. მისი აზრით, ამით მედიასაშუალებები ცუდი ვითარების შეგრძნების გაჩენას ცდილობენ.
“ვფიქრობ, ტრამპს შანსი უნდა მივცეთ და ვნახოთ რა მოხდება. ამასობაში კი საქართველომ ვაშინგტონს საკუთარი თავი უნდა შეახსენოს“, – დასძინა ჯენსენმა.
„ტრამპის საგარეო პოლიტიკის შტრიხები ჯერ ისევ არ არის ჩამოყალიბებული. ერთი რამ, რაც ტრამპის განცხადებებზე დაყრდნობით ვიცით, არის ის, რომ არჩეული პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებას ეცდება. არ ვიცით ის, თუ რა დათმობებზე წასასვლელად იქნება ის მზად ამ მიზნის მისაღწევად.
ანალიტიკოსები, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, თანხმდებიან, რომ მიუხედავად იმისა, როგორი შეიძლება იყოს ტრამპის საგარეო პოლიტიკა, საქართველომ მის გარდამავალ გუნდთან კონტაქტი თვითონ უნდა დაამყაროს და ვაშინგტონიდან ზარს არ დაელოდოს“, – წერს ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები