საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შსს-ს აკადემიის სტუდენტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა

შსს-ს აკადემიის პროექტის – „საჯარო ლექციები შსს-ს აკადემიის სტუდენტებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აკადემიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა.
შს სამინისტროს ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე სტუდენტებს საქართველოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ისტორიაზე, კონსტიტუციაში არსებულ რიგ ხარვეზებსა და შესატან ცვლილებებზე, ასევე, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პრინციპებსა და სპეციფიკაზე ესაუბრა.
საჯარო ლექცია აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. ირაკლი კობახიძემ სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
შეხვედრას, აკადემიის სტუდენტებთან ერთად, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
შსს-ს აკადემიის ახალი პროექტის თანახმად, აკადემიის სტუდენტებს საჯარო ლექციებს სამართლის სფეროში მოღვაწე საჯარო მოხელეები, აკადემიური წრეების წარმომადგენელები და კვალიფიციური იურისტები უკითხავენ.
აღნიშნული პროექტის მიზანია სტუდენტების მოტივირება და საკანონმდებლო სფეროში მიმდინარე პროცესებში მათი აქტიურად ჩართვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები