ირაკლი კობახიძე: პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა უნდა გამარტივდეს

პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა უნდა გამარტივდეს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მიიჩნევს, რომ შენარჩუნდება პრობლემა, რომელიც ხელისუფლების დანაწევრების პრინციპთან არის დაკავშირებული.
”საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლი საკონსტიტუციო კომისიის მსჯელობის ერთ-ერთი საგანი უნდა იყოს. ვენეციის კომისიის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე, კრიტიკული შენიშვნა სწორედ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას ეხებოდა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება თითქმის შეუძლებელია, რაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ეწინააღმდება. როგორც საპარლამენტო სისტემისთვის, ისე ნახევრად საპრეზიდენტო სისტემისათვის დამახასიათებელი მოვლენაა ის, რომ პარლამენტი საჭიროების შემთხვევაში, ძალიან მარტივად, რამდენიმე დღიანი პროცედურის საფუძველზე უცხადებს მთავრობას უნდობლობას. სწორედ ასეთი სახით უნდა იყოს ჩამოყალიბებული პროცედურა საქართველოს კონსტიტუციაშიც. არსებობს კლასიკური მოდელები როგორც კონსტრუქციული ვოტუმის, ისე არაკონსტრუქციული ვოტუმის. შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ რომელიმე კლასიკური მოდელით. ასეთ პირობებში ძალიან მარტივად შეიძლება განვსაზღვროთ უნდობლობის ვოტუმის ოპტიმალური მოდელი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები