მიხეილ ჯანელიძე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების პროცესში დაბრკოლებებს ვერ ხედავს

როგორც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, ევროკავშირისათვის ამ ურთულესი პერიოდის მიუხედავად, უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე საქართველოს ევროკავშირის ყველა ინსტიტუტის მხარდაჭერა აქვს.
„ეს გახლავთ შედეგი იმ რეფორმებისა, რომლებიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა, იმ ნდობისა, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში არსებობს და იმ პროგრესისა, რომელიც არამარტო შესამჩნევია, არამედ აღიარებულია ყველა ჩვენი პარტნიორის მიერ” – აღნიშნა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძემ ვრცლად ისაუბრა უვიზო რეჟიმის მინიჭებისათვის საჭირო დარჩენილ პროცედურებზე. მისი განცხადებით ევროკავშირში და მის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. საქართველომ რეკორდულ დროში შეასრულა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა პირობა და მაქსიმალურად შეძლო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში დასახული მიზნების განხორციელება.
„ახლა საჭიროა, რომ ფორმალურად დაადასტუროს ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტმა ტრიალოგის ფორმატში მიღებული გადაწყვეტილება და ამას ველოდებით იანვარში. LIBE-ს კომიტეტის შემდეგ გაიმართება ევროპარლამენტის სხდომა, რომელიც მოსალოდნელია იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში. ევროპარლამენტი ირჩევს პრეზიდენტს იანვრის პირველ სესიაზე, შესაბამისად, დღის წესრიგიდან გამომდინარე ჩვენი საკითხის განხილვა ან შემდეგ სესიაზე ან უახლოეს სესიაზე მოხდება. ჩვენ არ ველოდებით რაიმე განსაკუთრებულ შეფერხებას ამ პროცესში , რადგან ყველა პარტიისგან ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა, ყველა ინსტიტუციისგან გვაქვს მხარდაჭერა და ამიტომ, დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროცესიც მალე დასრულდება”, – განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები