ემზარ კვიციანი უმრავლესობას დაუპირისპირდა – “თავს ნუ იმართლებთ, თქვენ და “ნაციონალები” ხართ ერთნი”
“თავს ნუ იმართლებთ, ხალხი ხომ ხედავს, რომ თქვენ და ”ნაციონალები” ხართ ერთნი”, – ამ სიტყვებით მიმართა ”პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ემზარ კვიციანმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, როდესაც პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა მიმდინარეობდა. სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევისას სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
თავდაპირველად, კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განმარტა, რატომ უჭერდნენ მხარს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ირაკლი აბესაძის კანდიდატურას.
”ამ ყველაფრის უკან ზედმეტი პოლიტიკური კუდების გამობმა ნამდვილად არ არის საჭირო. ”ქართული ოცნება”, უმრავლესობა მხარს უჭერს არა ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატურას, არამედ პატივს სცემს იმ დემოკრატიულ პრინციპს, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში შესაბამისი თანამდებობები გადანაწილდება უმრავლესობას და უმცირეობას შორის. ეს არის ჩვეულბრივი კვოტით განსაზღვრული და ჩვენ ამ დემოკრატიული პრინციპების ერთგულები ვრჩებით. ამ შემთხვევაში ნებისმიერი პოლიტიკური სპეკულირება არის პოლიტიკური შავი თუ სხვა პიარ კამპანიის ნაწილი. მე ცოტა მაოცებს ზედმეტი აჟიოტაჟი”, -განაცხადა სესიაშვილმა.
თავის მხრივ, ”პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ემზარ კვიციანმა ირაკლი აბესაძის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დასახელება გააპროტესტა. ”რა არის კვოტა, სად არის, წამაკითხეთ რას ნიშნავს, რომ ”ნაციონალებს” უნდა ჰქონდეთ 13 მოადგილის ადგილი და ჩვენ სამი. თავს ნუ იმართლებთ. ხალხი ხომ ხედავს, რომ თქვენ და ”ნაციონალები” ხართ ერთნი”, – მიმართა კვიციანმა უმრავლესობას.
კვიციანს უპასუხა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. ”თქვენ ვერ ჩამოყალიბდით რეგლამენტის ნორმებში და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი შეფასებები გააკეთოთ”, – მიმართა კახიანმა კვიციანს.